ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

257. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხუენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

258. შენცა იცი თინათინის სხივი მზესა უაღრესობს; გული ჩემი ვააბადე, იგი ჩემზედ ტალობს, კუესობს, აწ გიცხადებ დაფარულსა, გაბჭე, რაცა უმჯობესობს. მონათათუის ბრძანებულის აღსრულება რჯულად წესობს.

259. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყუარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდეს ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

260. პირველად მქონდა მე მისი შორს ყოფნის ცეცხლი მდებარე, აწ შემიწყალა, მამიტკბა, მექნა იმედთა მდებარე; მითხრა თუ: “ წადი, გაიჭერ, ქენ თავი გარდამდებარე, ძებნე იგი ყმა, ცოცხალ ა ან მკუდარი პოვე მდებარე

261. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ ვყო მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მამხუდეს ხისაცა რგულისა”, მამცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

262. ავთანდილ ეტყუის შერმადინს ლაღი და შეუპოველი; თინათინ მითხრა იმედი, პოვნასა ზეცით მოველი; მზისამცა შოვნა ვის ძალუც, დაფასდეს მოუქსოველი, ფიცი მაქუს, ვერ გამიცრუვებს, მოწმად მყავს არსი ყოველი.

263. “პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად, მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწუავს გულსა მურად. ჴამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუჴდეს მამაცურად.

264. პირველ ყმა ვარ და ვაამებ, არავის ვესათნოვები; იგი შუქთა მფენს, არ მმაზრობს, სხუამცა ვის შევეპოცები? ფიცი მამცა და შევფიცე, მანამდის არ ვიპოვები, სრულ სპათა ჩემტა მოგათული, სამ წლამდი დაგეთხოვები.

265. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთუის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხუათა ყმათასა, ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხუათასა.

266. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ნაპირობდი; დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღუენსა სძღნობდი, აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

267. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, სპათა ჩემთა ეთავადე, საჴელმწიფო შემინახე; თუ სამ წლამდის არ მოვიდე,ხუაშიადი შემინახე კულა ნუ თუმცა შემოვბრუნდე, ალვა ჩემი არ დაჭკნახე

268. ცის კიდემდის ვიარები ცრემთა რევით, სისხლთა მღურელი; ვევედრები შემოქმედსა, იგი არის მომცემელი; ნუთუ მისით შეწევნითა ვპოვო ჩემი სასურველი, მე მისითა მიზეზითა მოვიარო ზღუა და ჴმელი.

269. პაემანსა არ მოვესწრა, ნუღარ იცდი მოვკუეე თურე; ამბე ჩემი ნაუბარი, საქმე ესე ადასტურე; ვაჲ დავკარგე ჭირთ ნახული, წაჴდა, რაცა ვიმსახურე; გაუჟღავნე ყმათა ჩემთა, ცრემლი ხშირად მოიწურე.

270. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთურალია, მიხუდა თქუი საქმე, რომელი ყოვლთათუის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

271. ესე არის ამ სოფლისა სიმუხთლე და მისი ფერი! კადრე: მჴეცთა შეგვიჭამე მისი ტანი შუენიერი; მუხთალია ეს სოფელი, სწორად უჩანს ყმა და ბერი, ნუ ინაღულით, ჩემად ნაცულად სხუა გიბოძებს სახიერი.

272. მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედ-რე, ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე”.

273. რა მონამან მოისმინა, გაუკუირდა, შეეზარა, თუალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღუარა, მოაჴსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

274. განაღა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა, ვზი სადა, მარტოსა თავი ვით დაგიც საკალად მაგა გზისადა.

275. ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყუა ვით მიბრძანე? როგორა ვქნა პატრონობა, რამც გიფერე, რამც გიგუანე! შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყუები, წამიტანე!”

276. ყმამან უთხრა: “მამისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხუდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახუართა დასაჭრელად.