... (S-1727), 1837 წ.

1617. დიდებულნი მოეხვივნეს: მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა჻ ქალი დაბნდა მამისათვის: ტირილიცა ვერ შემართა჻ ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს: ზე ვერავინ წამომართა჻ მუნა კაცთა ვერ ნახვიდი: გაცინებით მოღიმართა჻

1618. დედოფალი გამოჭრილი: მოვიდოდა მათად ნახვად჻ უბრძანებდა რად ვინ სტირთო: ესე ჰქონდა წყრომა ზრახვად჻ ღმერთმან რისხვა მოაქცია: წყალობისა გამოსახვად჻ გვმართებს რომე მადლი მივსცეთ: აღარა გვცალს გლოვა ახვად჻

1619. ტარიელ ზედან მოიჭდო მხურვალთა: ცრემლთა მდენელმან჻ იტყვის თუ ცეცხლი დამევსო: ცხელი აწ დამწვა მე ნელმან჻ დადუმდი სული დაიღე: ჩემგან ამისმან მსმენელმან჻ თქვენი სიცოცხლე მალხინა: ღმერთმან ობოლთა მლხენელმან჻

1620. ქალმან დედასა შესტირნა: აჰა მე რა ვქნა დედაო჻ წითელ ყვითლითა დაგაგდე: აწ შაოსანსა გხედაო჻ მამამან ტახტი დასცალა: აღარ სადა ზის ზედაო჻ დედამან ცრემლნი მოსწყურნა: ნუ სტირ დადუმდი ბედაო჻

1621. გარდაუკოცნა პირი და: ბაგეთა ვარდი თხელები჻ ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა: გახდა ალვისა მთხელები჻ ნესტანჯარს ეტყვის რადღა ვთქვათ: სიტყვები ბედით ხელები჻ ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი: ათასი არ ერთხელები჻

1622. რა გარდახდა მცირე ხანი: ხანი იქმნა გარდასრულად჻ დიდებულნი ეთაყვანნეს: ერთობილნი ადგეს სრულად჻ იგი მზენი მიეგებნეს: მოეხვივნეს გულის გულად჻ აკოცეს და მოიკითხეს: თავის თავის თვითეულად჻

1623. ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს: დედოფალსა მიმტკივნება჻ ტარიელ თქვა დედოფალო: გჭირს ამათი არამცნება჻ ესენია მხსნელნი ჩვენნი: აწ არა გვცალს გრძლად უბნება჻ ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე: სიცოცხლისა მოპოვნება჻

1624. ადგეს და ქალაქს შევიდეს: თვით გარდახდეს სრასა მთასა჻ ერთსა ბრძანებს დედოფალი მართ სიტყვასა ვითა მათსა჻ ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი: ვერ დავცემენ ყოლ შამათსა჻ ამად შევიქმ სიხარულსა: მართ გულისა საკამათსა჻

1625. უბრძანა: გლოვა გახსენით: ქოს წინწილასა ჰკარითო჻ დიდი ზათქი და ზეიმი: გავიდეს ჩვენით კარითო჻ ნახლები თქვენი ოქროსა: სარტყლითა მოიკარითო჻ იცინოდით და იმღერდით: ნუ ცრემლი აწანწკარითო჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა჻

1626. დედოფალმან მათ ცოლქმართა: თვითო ჴელი დაუჭირა჻ ზედა დასხნა მეფისასა: ტახტი ერთგან გაუპირა჻ მოიშორვა კაეშანი: გული მდედრი აქვიტკირა჻ გლოვა ცვალა სიხარულად: აღარავინ აატირა჻

1627. დედოფალმან შეიმოსა: შავი ძაძა აიხადა჻ დიდებულთა შესამოსი: მხიარული დაუმზადა჻ ყველაკაი დამოსა და: საბოძვარი უდიადა჻ ბრძანა ჭირი დავივიწყოთ: რადგან ლხინი დაგვებადა჻

1628. ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი: ტარიელ და ცოლი მისი჻ ერთმანეთსა შეფერობდეს: ქალი ყმისა შესატყვისი჻ გონება და ანუ ენა: გამოთქმიდა ვითა ვისი჻ ვინმცა ჰგვანდა ხორციელი: სოფელს შვილი ადამისი჻

1629. დედოფალმან ეგრე ბრძანა: ობოლქვრივნი მოასხენით჻ ყველაკაი დაამდიდრეთ: საბოძვრითა აავსენით჻ თვით უბოძა უსაზომო: რომ არ ითქმის კაცთა ენით჻ ულოცეთო დღეგრძელობა: ესე ღმერთსა შევედრენით჻

1630. ტარიელ თქვა დედოფალო: გკადრებ ერთსა მოსახსენსა჻ შეიწყალე რამაზ მეფე: მიავალე ღმერთსა შენსა჻ ვნახე მეტად შემებრალნეს: შეუშინდა ჴრმალსა ჩვენსა჻ ღმერთი ალხენს მონანულსა: მოცთომილსა ცრემლ ნადენსა჻

1631. დედოფალმან ლმობიერად: შევუნდობო ესე ბრძანა჻ მოიყვანა რამაზ მეფე: ჴელმწიფეთა ათაყვანა჻ ყოვლით კერძო მომღერალთა: ჴმათა გაეთანისთანა჻ ჭირთა მათგან გარდახდილთა: ესე ლხინი შეაგვანა჻

1632. ოქრო თვალი მარგალიტი: შვენიერი სანახავად჻ ყოვლგან იდვის ვითა გორი: მოდის ველთა მოსარწყავად჻ ვისცა სწადდის ალაფობდის: წაიღიან უკითხავად჻ მანდატური არვის სცვიდის: ბოლოს ვინ ჯდის ანუ თავად჻

1633. ავთანდილ და ფრიდონისსა: სპათა ეტყვის მეფე დიდი჻ სტუმარნი ხართ შოებისა: სირცხვილი და ნუ გაქვს რიდი჻ თვითოს კაცსა თვითო ჯორი: მარგალიტი ანაკიდი჻ ესე მისცა საბოძვარი სხვას: ყველასა ვერ დავსთვლიდი჻

1634. ავთანდილ და ფრიდონისთვის: საბოძვარსა ვინ დასთვალავს჻ ვერ გამოსთქვამს სიმრავლესა: ენა ამად თავსა ჰკრძალავს჻ რაცა ედვა უკეთესსა: დედოფალი არ დამალავს჻ მათ ხედვიდა მხსნელად მათად: ტკბილად უჭვრეტს არა ლალავს჻

1635. ტარიელ რამაზ მეფესა: უბოძა საბოძვარია჻ უბრძანა ხარკსა მოგვცემდი: მართ ვითა შენი გვარია჻ მან თაყვანის სცა პირსა ქვე: მიწამდის დამდებარია჻ წავიდა მისი მლოცველი: არ ომთა მომკვეხარია