... (S-1727), 1837 წ.

1559. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც: ყოლე არ შემოგცნებოდი჻ მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი჻ ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი჻ ვითა მე შენთვის დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთვის დნებოდი჻

1560. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო჻ რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო჻ ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკვდილი ვინებო჻ აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო჻

1561. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი჻ ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყვიტნა ყოლა თვალნი჻ იგი იჭვრეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი჻ რომე მწადდეს ვერ დავწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი჻

1562. როსტან მათითა გაყრითა: ჴელთაგან უფრო ჴელდების჻ ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების჻ ცხელი სდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ცხელდების჻ ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნასდების თხელდების჻

1563. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით჻ იტყვის თუ თქვენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით჻ რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გასაოცებით჻ შენგან მოგვეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით჻

1564. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე჻ სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე჻ მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე჻ უბრძანა თქვენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე჻

1565. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა჻ ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა჻ კაცი ორმოცი ათასი: ჰყვა ცხენებითა ვარგითა჻ მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა჻

1566. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა჻ მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა჻ მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა჻ ვითა მართებდათ პურობდეს: ღვინოსა სვემდეს არ დოსა჻

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა჻

1567. ქედსა ზედა გარდმოადგა: მეტად დიდი ქარავანი჻ კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი჻ გარეშემო მოეკუეცნეს წვერ ყულამი დალალანი჻ მეფე ბრძანებს: მოასხითო ჩვენ დავჰყოვნოთ აქა ხანი჻

1568. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია჻ უბრძანა: ”ვინ ხართ შავითა რათ ტანი შეგიმოსია჻ მათ მოახსენეს: ”სით მოვალთ მუნ ასრე დანაწესია჻ ინდოეთს მისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია჻

1569. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა჻ მაგრა თავი უმეცარ ჰყვეს არა მისცეს ყოლე ცნობა჻ უცხოურად ეუბნების მათ ვერა ქმნეს მათი გრძნობა჻ არ ესმოდა ინდოური არაბულად ქმნეს უბნობა჻

1570. უბრძანეს: ”გვითხარ ვაჭარნო ამბავი ინდოეთისა჻ მათ ჰკადრეს: ზეცით მოსრულა ინდოეთს რისხვა ზეცისა჻ დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა჻ მას შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა჻

1571. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს არის წყლიანი჻ ფარსადან მეფე ინდოთა იყო ჴელმწიფე სვიანი჻ მას ესვა ქალი მნათობი მზისაცა უფრო მზიანი჻ კბილმარგალიტი ტანალვა ღაწვ ბადახშ ყორან თმიანი჻

1572. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა჻ ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა჻ იგი ქალი პატარაჲ მამიდასა გაეზარდა჻ ბუქთა მისგან მონაქროლთა ინდოეთი გარდაჰქარდა჻

1573. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა჻ მით შემართა საშინელი მზე ჴმელეთსა დაუკარგა჻ თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა჻ იგი ქალი დაიკარგა ალვა ნორჩი სხვაგან დარგა჻

1574. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად჻ იგიცა წახდა ინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად჻ ორნივე წახდნენ პოვნაღა: მათი არს აწცა საძნელად჻ მეფემან ბრძანა: ჱე ღმერთო რად ცეცხლსა მომიდებ ნელად჻

1575. მეფე გაშმაგდა მათისა უღონო ქმნილი ძებნისა჻ შავად შეიცვალა ინდოეთს ხმა ქოს წინწილისა ებნისა჻ ცოტასა ხანსა გავეძლო დება სახმილთა გზნებისა჻ აწ თვითცა მოკვდა შესცვალა შავად სრა მათდა ტყებისა჻

1576. რა ვაჭარმან ესე სიტყვა და საქმენი გააკვლადნა჻ ქალმან დიდნი დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიხადნა჻ ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა჻ ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა თოვლი დადნა჻

1577. მამკალ ქალსა თავშიშველსა თუ მზე ვითა ეურჩოსა჻ სული ვარდსა დავამსგავსე თავმოხდილი ყაყაჩოსა჻ თუ ბრძენნიცა მაქებარი მისი იხმობს ვირე ბჩოსა჻ გავს თუ ტყუბი მარგალიტი სხენ ბროლისა ხარხაჩოსა჻