... (S-2781), XIX ს.

1422. აწ მე მაქუს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღუნა მძულს ცუდი ნაქადებია

1423. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღუნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1424. თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახუა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად ღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა არსე ვითა ბროლი ფისსა

1425. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა — წესია გული გაჰკრთების ჰამბავსა გასაკრთომელსა — მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისულა სხვასა ღა მხმობელსა

1426. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა მას მოაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა ფატმან ყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა

1427. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარე სწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლბაკმათასა

1428. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ჴელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღმერთო რა გმსახურო გამინათლდა რათგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია მისი გრძელი

1429. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არგამწყრალი ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ ასრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვარ არდამზრალი

1430. ზღუათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხუად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა

1431. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღუნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა კეითლისა მეტად ხასისა კულავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1432. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღუნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბალახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელუამკრთალითა მათნი მჭურეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1433. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1434. ტარიელ მადლსა იხდიდა ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აღგუავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღვენითა ვიცი შორიშორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა

1435. ზღუათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლველო მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭურეტელად სასურველო

1436. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1437. ფატმან ხათუნ თაყვანის სცა კადრებს მადლსა მეტის მეტსა მემეფეო ნახუა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა მოგშორდები რა ვიქმნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა

1438. ზღუათა მეფესა ეტყოდეს სამნივე შუქთა მაფენი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფსა არ გვინდა ნიშაგნი ნაჩანგდაფენი მაგრამ გაგვიშვენ წავიდეთ ჟამია ვართ მოსწრაფენი

1439. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო მაგრამ ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1440. მეფემან ნავი ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღურიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღუათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისულა