... (S-2781), XIX ს.

1403. ჩემია ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღუარია მოვა და ჴევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია აწ იყურებდით მსმენელნო გესმათ ფიცხელი ომია

1404. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია მაგრამ ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაფარავს არცაღა ნათლად ხომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმნეს ფიცხელი ომნია

1405. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყუათ კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები მას ღამით უქმნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიჰმართეს თავისთავ ჰქონდა ფარები

1406. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა ვითმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულხმიერად გულსა შიში არა ჰქონდათ ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად

1407. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექმნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახუნეს ქალაქით გახდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქმნა ბუკთა ტკრციალი

1408. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკუდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1409. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდის სიმაგრე ჯავშანქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირნი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეხდეს შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1410. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს სთქუეს ტარიელ რა იქმნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს

1411. ერთმანცა არა იცოდა ვერა სცნეს ტარიერისა ციხესა კარსა მიჰმართეს რიდი არ ქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ხრმალთა წვერისა ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა

1412. ციხისა მცველნი ყველაი იდუა მართ ვითა სნეული თავით ფერხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული სცნეს ნაქმრად ტარიელისად თქვეს საქმე არს მისეული

1413. გზანი დახუდეს შეკაფულნი შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმისა ლელსა მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა

1414. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს ამას გუანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნეს აქანამდის ჭირნახულთა ამას იქით გაიხარნეს

1415. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელგარდაჭდობილნი კულავ შეეწებნეს ხშირხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამნივე ძმობილნი მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი

1416. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა

1417. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს თავნი თვისნი გაალომნეს მათნი მბრძოლნი იშვლეს ითხეს

1418. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ცალკერძ უხაროდა მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა რომე პოვნეს საჭურჭლენი აწმცა თვალვა ვით ითქმოდა

1419. მოკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აკიდეს მარგალიტი და თვალები თუალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები

1420. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყუანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია ზღუათა ქალაქსა დამართეს თუცა გზა მუნით გრძელია სთქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფის ხილვა

1421. ზღუათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთუალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე ჩემი ლახუართა მსობელი მწადიან გნახო პატივით ვითა მამა და მშობელი