... (S-2781), XIX ს.

1289. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი ყოვლად გარდავსწყვიტე სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე

1290. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მომიგონებდე გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1291. სხუად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგუარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კულავ ქმნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1292. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალგვართა კულაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყუჱლაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1293. ციხეს ვზი ეზომ მაღალსა თუალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცუჱლნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცთებიან თვისთა მებრძოლთა დაჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1294. ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1295. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქუა სხუათა მიხვდაო იგი ალვისა ტანითა არმად სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1296. შენმან მზემან უშენოსა არვის მიჰხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხუდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქათ თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1297. ღმერთსა შემვედრე ნუთუ კულა დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1298. მზე უშენოდ ვერ იქმნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი

1299. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რათგან სულსა მაგრამ შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირს და ნუცა მიგლოვ ჩემოშენთვის დაკარგულსა

1300. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელაღუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლშეუშრობელსა

1301. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკუდები გავხდები ყორანთა დასაყივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1302. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცულოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1303. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა ფერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1304. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამს შევიდა ფატმანისას დღე იარა არმრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე თვისი სასურვალი ჴელაღპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

1305. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობამწყვედელი

1306. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ჴელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1307. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გახარებულნი ჩუჱნთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1308. მიდით და ფრიდონს უანბეთ ანბავი არნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი კვლა უფრო გასახაფავი თქვენ მოგცე ლარი ყუჱლაი მე ჩემი ნაალაფავი