... (A-656), XIX ს.

1402. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე სდედებია და სდებია მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია

1403. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე

1404. თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასა მცა სხვადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა არსე ვითა ბროლი ფისსა

1405. რა კაცი ტარიელისი ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაკრთების ამბავსა გასაკრთობელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა მისლვა სხვასაღა მხმობელსა

1406. ბარგი აჰკიდა გააგო ქნა ქორწილისა მათისა მას მიაქვს რიცხვი ტურფათა არსიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა

1407. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1408. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო რა გმსახურო გამინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი

1409. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღ~თნ გული გამინათლა გახეთქილი გაცამწკრალი აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არდამზრალი

1410. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთენ ვითა ხიდსა

1411. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერდანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა კვლავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა

1412. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა ბალახშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალყმანი პირითა ელვამკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა

1413. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი თვითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ სვიანმცაა დავლა თქვენი

1414. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა

1415. ზღვათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო ვერამჭვრეტთა შორით მკლველო მზგავსი თქვენი რა მცა მეძღვნა შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო

1416. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია მამიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია

1417. ფატმან ხათუნ თაყვანისცა ჰკადრებს მადლსა მეტისმეტსა მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქმნები მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერამჭვრეტსა

1418. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენნი კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი უთქვენოდ მყოფთა არ გვინდან ნიშატნი საჩანგდაფენი მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი

1419. მეფემან ბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო შენ იყავ ჩვენი მშობელი ჩვენგან ღმრთად საესავიო მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძო ერთი ნავიო რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო

1420. მეფემან ნავი ხომალდი მოკაზმა ზღვისა კიდესა გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმაწვერსა გაიყრიდესა ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა