... (A-656), XIX ს.

1288. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლავ უფრო გასახაფავი თქუჱნ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი

1289. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1290. სახლი არ მახლავს არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხვამალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისაგან ფრიდონის წინაშე

1291. დაწერა ფრიდონ მაღალო სუჱსრულო მეფეთმეფეო ლომისა მსგავსო ძალგულად მზეო შუქმოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1292. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა

1293. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიმიჩს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1294. გულმხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქმთ იგი არ აგცილდების არ თუ ვერ კაცმან დაგიდგნეს ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1295. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნად აღარა მცალს პატიმრადა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1296. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მმსახურეს თქვენი მცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია მზგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1297. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1298. მონახა ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირია სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1299. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ხელითა ჩვენითა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა

1300. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

1301. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსვლა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა სარატანისა სულთქვნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1302. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენ თანა საუბნარითა

1303. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკე იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახნის დახოცნის ლომვეფხნი მოშამბნარენი

1304. ქვაბნი გამოჩნდეს ეამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირისპირ ვუამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქმნა ცუდ ჩემი განავლენია

1305. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე სთქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა