... (A-656), XIX ს.

1519. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება ესეაო მეფე თქვენი ასრე იქმნა ღმრთისა ნება დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1520. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულვანნეს

1521. ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა გადიდება ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს ეგრევე თქვენი დება ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისგან

1522. მას დღე ავთანდილ პატრონად ზის და ხელმწიფე ზენია მას თანა მჯდომსა ტარიელს hშვენიან სინაზენია დარეჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტელთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ოთხნი მზენია

1523. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის სისავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი მხავსისა შეიქნა ძღვნობა ძღვენისა მათისა შესამსგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა

1524. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კვლავ უცხოფერთა ჭურჭელთა სხდის უცხოუცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭვრეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქები

1525. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბალახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდახდა ჟამი დილისა

1526. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1527. ხვალისა მეფე არაბთა კვლავ პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყვარლად ჩვენ თქვენი ნატერფალია

1528. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1529. არაბთა მეფე მასპინძლობს იქმს ოდენ არიფობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ხელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი უხვობაიეფობასა ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1530. მეფესა ქმრითურთ პატივი ქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღვნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1531. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა კვლავ მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1532. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასითა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყვანისსცემს ლაღი ბრძენი არ მახმული მადლი ჰკადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინოსმული

1533. რას ვაგრძელებდე გარდახდეს დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი ყოვლთა მათნი ელვანი ფარვენ მართ ვითა მზისანი

1534. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთვალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქვს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1535. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭვ მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმრთისა ნებამან

1536. როსტევან ჰკადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდეთ გასჭვრეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაფრეწდით დაცასჭრიდითა

1537. ავთანდილ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვები ორები მან უთხრა გაე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახალ შერთულსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები