... (A-656), XIX ს.

1479. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ქმნნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა გვაქვს მმოწმობენ ფრიდონ და მისნი სპანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია

1480. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა

1481. ტაბლაკსა სცემდეს გაისმა სიცილი თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქმნა სწადდა მათკე რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულმაგრებისა

1482. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღ~თსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ხმანი თქვეს ბოროტსა უმყოფოო კეთილნია შენთვის მზანი

1483. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა აგერა ხედავ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1484. ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა აქა ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენდავე ხლებულა

1485. ტარიელ უთხრა კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმ მცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭვ ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1486. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტან დარეჯან მუნვე დგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1487. ტარიელცა თაყვანისსცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1488. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა სიტურფესა პირსა უჭვრეტს გაკვირვებით უქებს მკლავთა სიალფესა კვლავ ფრიდონცა უსალამა თაყვანისცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1489. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1490. ნუ გიკვირს მისი ვერნახვა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერმოტანისა ვიაჯ რასამე აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1491. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ათქს უნათლესი ბაზმისა ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფაქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1492. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელი ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ბნელთა გამათენებლად

1493. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დარებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1494. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლმოყრილი გეაჯები ნუღარ აწვევ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქვენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1495. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ხელმანდილი მოინასკვა იგი ყელსა ადგა მუხლნი დაუყარნა ეაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1496. რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანისსცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ხელმწიფეო ლხინი ყოვლი გამიქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა

1497. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკლავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ მდინდეს სხვა მისებრი ვერა პოვოს ცათამდისი გაცაფრინდეს

1498. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჭვნების მე ყვავილი დამებერა რადმცა ვკადრე შეცილება რასცა ოდენ იგი ჯერა