... (A-656), XIX ს.

1365. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა სჯობს აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს

1366. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცთარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირს პირ ომი არ ძალგვიც არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1367. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნვებდიან მწვრთნიდიან ასე გავიდი საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1368. აწ ვინცა ვიცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედან გავლა ადვილად მიჩნს ასრე ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1369. აბჯრითა გავლა არა მჩანს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხეს შეპარვით შესვლისა

1370. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირსა მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლოსახლოს ყივიან

1371. რა გახვიდოდე გუშაგთა ესმის აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება

1372. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროთა შევეკაზმვი ვიქმ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1373. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღ~თნ ქმნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1374. შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით მზგავსად ყოველნი გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად თუ რა სხვა გვიჯობს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხეს შეხდომა და აღება

1375. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალ გულსა თქვენივე გავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქმნას გაჭირობა

1376. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1377. სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე ჩნდეს ნათენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები

1378. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ხელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1379. ფრიდონ უთხრა შემიგნია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა წამოასწრებს კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1380. ფრიდონ ლაღი ამხანაგობს საუბნართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1381. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკვახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაჲ გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები