... (A-656), XIX ს.

1421. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა ბაგეთა შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1422. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ გავხედით დაუზრობლად

1423. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1424. წინ მიეგება ყოველი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარეჯან მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1425. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანე ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა ვცან მისი არ სიძვირითა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1426. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს ოდეს გნახნე მხიარულნი სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონყმანი მოყვარულნი

1427. დიდებულთა თაყვანისსცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~თნ გაგვახარნა კურთხეულა მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1428. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაკოცნეს მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვება საუკუნო ცხადად ჰპოვეს არ იოცნეს ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1429. თუმცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია ესე თქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგისთა იძრვის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1430. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქვმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1431. ვინ ღირსა თქვენგან ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედან რებასა კვლავ ფრიდონ კადრა მეფესა ნურად იქმთ გამწარებასა ღ~თცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1432. ავთანდილცა მიუმტკივნა ეტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1433. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია ბალაშისა და ოქროსა ხმა ტურფად შენათხზარია

1434. შუკათა მოდგეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1435. გადახდეს და ფრიდონისსა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საგენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯნისა ფრიდონისგან

1436. მათ ქალყმათთვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული

1437. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1438. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კვლავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1439. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა მგრგვლად დათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა