... (H-66), 1832 წ.

1404. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით პოვეს მალები სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები თვალი ყველაი დათლილი: იაგუნდი და ლალები იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები

1405. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1406. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი

1407. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია ამისად მუქაფად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია

1408. მოდი გვნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღვნი ჩემგან შეიწირე კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემკენ ირე

1409. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა რადღა ვისსა ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა

1410. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა წესია გული გაკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა ბრჭობელსა მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა

1411. ბარგი აჰკიდა გააგო: ქნა ქორწილისა მათისა მას მოაქუ რიცხვი ტურფათა: არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა იარეს: სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა: და მზისა ხმელთა მნათისა

1412. შორს გაეგებნეს სამნივე: დიდსა მეფესა ზღვათასა გარდახდეს მდაბლად აკოცეს: გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს: მან მადლი გაუათასა ქალი რა ნახეს სტრფიალობს: შუქსა მას ბროლ ბაკმათასა

1413. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა: ედებოდა ცეცხლი ნელი მოეხვია გარდუკოცნა: ჴელი ფერხი პირი ყელი იტყვის ღ~თო გემსახურო: განმინათლდა რადგან ბნელი ვსცან სიმოკლე ბოროტისა: კეთილია შენი გრძელი

1414. ქალი ფატმანს ეხვეოდა: ტკბილად იტყვის არ გამწყრალი ღ~თნ გული განმინათლა: გახეთქილი გაცამწყრალი აწ აგრე ვარ გავსებული: წინას ვიყავ ვითა მცხრალი მზემან შუქნი შემომადგნა: ვარდი მით ვჩან არ დამზრალი

1415. ზღვათა მეფე გარდაიხდის: მუნ ქორწილსა მეტად დიდსა ქაჯეთიცა დაუმადლა: არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა: საჭურჭლესა ანაკიდსა პერპერასა დაფანტულსა: ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა

1416. მუნ იდვის გორი ლარისა: სტავრისა და ატლასისა ტარიელს უძღვნა გვირგვინი: ვერ დანადები ფასისა იაგუნდისა მრთელისა: ყვითლისა მეტად ხასისა კვლავ ერთი ტახტი ოქროსა: წითლისა მართ ხალასისა

1417. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა: უძღვნა შემკული თვალითა იაგუნდითა წითლითა: ბალაღშითა და ლალითა დასხდეს ორნივე ქალ ყმანი: პირითა ელვა მკრთალითა მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს: ცეცხლითა მართ ახალითა

1418. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა: უსაზომო დიდი ძღვენი ძვირფასისა უნაგირი: უკეთესი თვითო ცხენი თითო კაბა თვალიანი: უცხო ფერთა შუქთა მფენი მოახსენეს მადლი რა ვთქვათ: სვიანამცა დავლა თქვენი

1419. ტარიელ მადლსა გარდიხდის: ტურფა სიტყვითა ენითა დიდად ვიამე მეფეო: პირველ ნახვითა თქვენითა მერმე აგვავსენ მრავლითა: ტურფა ფერითა ძღვენითა ვიცი შორი შორ არ ჩავლა: ჩვენ თქვენი კარგად ვქენითა

1420. ზღვათა მეფე მოახსენებს: ჴელმწიფეო ლომო ქველო მოახლეთა სიცოცხლეო: ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო მგზავსი თქვენი რამცა მეძღვნა: შვენიერო სანახველო რა მოგშორდე რა მერგების: საჭვრეტელად სასურველო

1421. ტარელ ფატმანს უბრძანა: მე თავი შენი მიდია დავ გული შენი ჩემზედა: გარდაუხდელი დიდია აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე: ქაჯეთით ამიკიდია მომიცემია წაიღე: არ კიდე მომიყიდია

1422. ფატმან ხათუნ თაყვანსცა: ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა მე მეფეო შენი ნახვა: მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა რა მოგშორდე რა ვიქმნები: მე დამაგდებ ვითა რეტსა ახ ნეტარძი მოახლეთა: ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა