... (Q-609), XIX ს.

1384. ერთმანცა არა იცოდა: ვერა ცნეს ტარიერისა: ციხესა კარსა მიმართეს: რიდი არ ჰქონდა მტერისა: მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ჴმალთა წვერისა: ათი ათასი ნობათი: უსულო მსგავსი მტვერისა:

1385. ციხისა მცველნი ყველაი: იდუა მართ ვითა სნეული: თავით ფეხამდი დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული: ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული: ცნეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს ეს მისეული:

1386. გზანი დახუდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძურეს ხვრელსა: ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა: მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა: მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა:

1387. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს: ამას გვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზ[უ]ვალ შეიყარნეს: მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნენ: აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს:

1388. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი : კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად: ვარდნი ბაგეთათ პობილნი: აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი: მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი:

1389. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა: აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა: მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა: ორივე ერთგან უბნობდეს: ამოთა საუბარითა:

1390. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს: მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს: არა სჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს: თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს:

1391. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა: ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა: რომე პოვეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა:

1392. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით პოვეს მალები: სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები: თვალი ყველაი დათლილი: იაგუნდი და ლალები: იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები:

1393. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია: წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია: ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუცა გზა მუნით გრძელია : თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1394. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი: შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი: ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი: მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი:

1395. აწ მე მაქუს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია: მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია: ფატმანს უჴსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია: მისად მუქაფად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია:

1396. მოდი გვნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე: სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღუნი ჩემგან შეიწირე: კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე: მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემ კერძ ირე:

1397. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა: გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ჴსნილსა მისსა: მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა: ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა:

1398. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა: წესია გული გაკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა: მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა: მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა:

1399. ბარგი აჰკიდა გააგო: ქნა ქორწილისა მათისა: მას მოაქუ რიცხვი ტურფათა: არს სიდიადე სათისა: ფატმან ჰყავს თანა იარეს: სავალი დღისა ათისა: უხარის ნახვა ლომისა: და მზისა ჴმელთა მნათისა:

1400. შორს გაეგებნეს სამნივე: დიდსა მეფესა ზღვათასა: გარდახდეს მდაბლად აკოცეს: გარესწყდეს ჯარსა სპათასა: შეასხეს ქება ტარიელს: მან მადლი გაუათასა: ქალი რა ნახეს სტრფიალობს: შუქსა მას ბროლ ბაკმათასა:

1401. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა: ედებოდა ცეცხლი ნელი: მოეხვია გარდუკოცნა: ჴელი ფერხი პირი ყელი: იტყვის ღ~თო გემსახურო: გამინათლდა რადგან ბნელი: ვსცან სიმოკლე ბოროტისა: კეთილია შენი გრძელი:

1402. ქალი ფატმანს ეხვეოდა: ტკბილად იტყჳს არ გამწყრალი: ღ~თნ გული გამინათლა: გახეთქილი გაცამწყრალი: აწ აგრე ვარ გავსებული: წინას ვიყავ ვითა მცხრალი: მზემან შუქნი შემომადგნა: ვარდი მით ვჩან არ დამზრალი: