... (Q-609), XIX ს.

1308. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ჴმითა შვენიერითა: ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა: გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა: მუნით წყარონი გამოხდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია:

1309. პირსა იხოკს ღაწუთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: რაცა ვჰქენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა: წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა: ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა:

1310. [მე] მოვკალ ჩემი მოყვარე: რა მმართებს გაწბილებულსა: თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა: ცრუ კაცი კარგა ვერა იქს: საქმესა გაძნელებულსა: თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა:

1311. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მსგავსად ნატუსალისად: ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად: მან პოვა სისხლი ლომისა: მოაქვს სავსებლად ალისად: მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად:

1312. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა: ტარიელ შეჰკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა: თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა: ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა:

1313. ზამთარი ვარდთა გაახმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან: ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან: მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ჴმასა ყივიან: სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან:

1314. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია: ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ხელია: მიწყივ წყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია: იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია:

1315. ტარიელ ნახა ნაწერი: კულაცა მკვლელისა მისისა: იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა: დაუყვის ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა: ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყჳსა მქისისა:

1316. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა: აწ რადღა გვმართებს ტირილი: ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა: ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა: ადრე მიგიყვან მიყვანა: არს შენგან მონდომილისა:

1317. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ: მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ: ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყენეთ: უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ:

1318. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა: შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა: მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა: ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა:

1319. ავთანდილს მადლი უბრძანა: ქნა უყო საუბარისა: მე შენი ქება ვითა ვჰთქვა: ბრძენთაგან საქებარისა: ვითა ზე მთისა წყარომან: მომრწყე ყვავილი ბარისა: დამწყვიტე დენა ცრემლისა: ნარგისთა ნაგუბარის:

1320. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი: ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემმაგიერი: შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი: აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ ადრიდგან მშიერი:

1321. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი: შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი: ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი: მაშინვე იცნა ავარდა: მოშლილი პერანგოსანი:

1322. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისულა მოტირალისა: აწ გაუკვირდა დანახვა: სიცილით მომღერალისა: ზარ აღებული ავარდა: ცნობა უც ვითა მთვრალისა: არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა:

1323. მათ რა ნახეს შემოყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით: ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით: ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გვწადდა იგი ვქენით: აწ გავხედითო ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით:

1324. ავთანდილ ცხენსა გარდახდა: ასმათის მოსახვეველად: მან მიყო ხელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად: ჴელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად: რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად:

1325. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა: ალვისა შტო დამჭნარისა: მთვარისა ფერ მიხდილისა: უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდახდილისა: მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა:

1326. ასმათ რა ნახა უსტარი: ცნა მისი დანაწერობა: გაკვირდა ზარმან აიღო: ათრთოლებს ვითა ხელობა: ტერფით თხემამდის გაუხდა: მას დიდი საკვრველობა: იტყვის რა ვნახე რა მესმის: არსცა ამისი მირთელობა:

1327. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: ეგე ამბავი მრთელია: ლხინი მოგვეცა მოგვშორდა: ყოველი ჭირი ძნელია: მზე მოგვეახლა უკუნი: ჩვენთვის აღარა ბნელია: ბოროტსა სძლია კეთილმან: არსება მისი გრძელია: