... (A-656), XIX ს.

1250. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა რა ქაჯეთს შეხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა კადრა ამბავი მისისა სასურველისა

1251. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდისფერად იანი

1252. ზანგმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმა გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1253. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1254. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედა მტკებნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასცა ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1255. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დალევია

1256. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1257. ქალმან უთხრა მემართლების ყრმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წინაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მივუწერ შენცა კადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტანდარეჯანისა ფატმანთან მიწერილი

1258. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1259. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯერ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1260. სხვად ანბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1261. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდმაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არდამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ბრალია

1262. შენ ანბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემიბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1263. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1264. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1265. აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდის კირ ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1266. ჱე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1267. ჰხედავა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ძნელია