... (A-656), XIX ს.

1268. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან შენგან დალახვრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1269. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1270. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისად ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მამიგონებდე გახსოვდი მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელად სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1271. სხვად ჩემო ჩემი ანბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კულავ ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1272. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალგვართა კვლავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1273. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა სდგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დახოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1274. ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1275. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქუა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არამ სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1276. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქათ თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1277. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კვლავ დამხსნას სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა აერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და ავფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1278. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას ეახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილი მცა მქონდა ტკბილი

1279. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყვარულსა

1280. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერსაგან შეწუხებულსა ყოვლგნით ხელაუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1281. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასახივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1282. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1283. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავმოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა ფერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათა მონაბერი

1284. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი ხელაპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული არა მთრვალი წამერთ მიხდა ფატმანისას დღე იარა არმრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი

1285. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობამწყვედელი

1286. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1287. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მას თანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწღა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩუჱნთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახ ლებულნი