... (Q-609), XIX ს.

1213. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან: არიან ერთად კრებულნი: კაცნი გრძნებისა მცოდნენი: ზედან გახელოვნებულნი: ყოველთა კაცთა მავნებნი: იგი ვერვისგან ვნებულნი: მაშა შემბმელნი წამოვლენ: დამბრმალნი დაწბილებულნი:

1214. იქმენ რასმე საკვირველსა: მტერსა თვალსა დაუბრმობენ: ქართა აღძვრენ საშინელთა: ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ: ვითა ხმელსა გაირბენენ: წყალსა წმიდად დააშრობენ: სწადდეს დღესა ბნელად იქმენ: სწადდეს ბნელსა ანათობენ:

1215. ამისთვის ქაჯად უჴმობენ: გარეშემონი ყუელანი: თვარა იგიცა კაცნია: ჩვენებრვე ჴორციელანი: ავთანდილ მადლი უბრძანა: ცეცხლნი დამივსენ ცხელანი: დიდად მიამნეს ამბავნი: სიტყვანი აწინდელანი:

1216. გულითა ღ~თსა ადიდებს: ავთანდილ ცრემლთა მდენელი: თქვა ღ~თო გმადლობ რომელი: ხარ ჭირთა მამალხენელი: ყოფილი მყოფი უთქმელი: ყურთაგან მოუსმენელი: წყალობა თქვენი იჩქითად: არს ჩვენი გარმომფენელი:

1217. მის ამბისა ცნობისათვის: ცრემლით ღ~თსა ადიდებდა: ფატმან ეჭვდა თავისათვის: ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა: ყმა ნამუსსა ინახევდა: სიყვარულსა იფერებდა: ფატმან ყელსა ეხვეოდა: პირსა მზესა აკოცებდა:

1218. მას ღამით ფატმან იამა: ავთანდილთანა წოლითა: ყმა უნდო გვარად ეხვევის: ყელსა ყელითა ბროლითა: კლავს თინათინის გონება: ძრწის იდუმლითა ძრწოლითა: გული ჴელ ქმნილი გასჭრია: მხეცთავე თანა რბოლითა:

1219. ავთანდილ მალვით ცრემლსა წევს: დენად სისხლ ნართავისად: შიგან მელნისა მორევსა: ცურავს გიშრისა ნავისად: იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო: იგი ვინ ვარდი ავისად: უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი: ბულბული მგზავსად ყვავისად:

1220. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი: ქვისაცა დასალბონია: გიშრისა ტევრსა აგუბებს: ვარდისა ველსა ფონია: ფატმან მას ზედა იხარებს: მართ ვითა იადონია: თუ ყვავი ვარდსა იშოვნის: თავი ბულბული ჰგონია:

1221. გათენდა ბანად წავიდა: მზე სოფელს შუქ ნაკიდები: დიაცმან უძღვნა მრავალი: კაბა ყაბაჩა რიდები: მრავალი ფერი სულნელი: ტურფა პერანგი წმიდები: რაცა გწადდესო ჩაიცვი: მე ნურას დამერიდები:

1222. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი: გავაცხადო ამა დღესა: სამოსისა ვაჭრულისა: ცმა აქამდის დაეწესა: მას დღე ყოვლი საჭაბუკო: შეიმოსა ტანსა მჴნესა: მოემატა დაშვენება: დაემგზავსა ლომი მზესა:

1223. ფატმანს პური შეეკაზმა: ავთანდილის საწვეველად: ყმა შევიდა მოკაზმული: მხიარულად არ პირ ბნელად: ფატმან ნახა გაუკვირდა: ვაჭრულისა უმოსელად: შემოსცინნა აგრე სჯობსო: შენთვის ხელთა სასურველად:

1224. ფატმან მისსა შვენებასა: მეტის მეტად ჰკვირდებოდა: მან პასუხი არა გასცა: თავისწინა ღიმდებოდა: შეეტყუების არ მიცნობსო: რა რეგვნად და რაგვარ ჰჴმობდა: თუცა რასმე იფერებდა: მეტი არა გავიდოდა:

1225. პური ჭამეს გაიყარნეს: ყმა მივიდა მისსა შინა: ღვინო სმული მხიარული: დაწვა ამოდ დაიძინა: საღამო ჟამს გაიღვიძა: შუქი ველთა მოაფინა: ფატმან უხმო მოდი მნახე: მარტო ვარო თავისწინა:

1226. ფატმან მივიდა ავთანდილს: ხმა ესმა მისგან ოხისა: იტყოდა მამკლავს უცილოდ: ტანი ალვისა მო ხისა: გვერცა დაისვა ბალიში: მისცა მისისა ნოხისა: ვარდისა ბაღსა უჩრდილობს: ჩრდილი წამწამთა ქოხისა:

1227. ავთანდილ ბრძანა ჱე ფატმან: ვიცი ეს საქმე შენია: დაჰკრთები ამა ამბავსა: მართ ვითა გველ ნაკბენია: მაგრა აქამდისმართალი: შენ ჩემი არა გსმენია: ჩემნი მამკლველნი წამწამნი: შავნი გიშრისა ხენია:

1228. გგონივარ ვინმე ვაჭარი: პატრონი ქარავანისა: მე ვარ სპასპეტი მაღლისა: მეფისა როსტევანისა: თავადი სპისა დიდისა: მათისა შესაგვანისა: მაქვს პატრონობა მრავლისა: საჭურჭლე ზარდახანისა:

1229. შენ გიცი კარგი მოყვარე: ერთგული მისანდობელი: მათ უის ერთი ასული: მზე ხმელთა მანათობელი: იგია ჩემი დამწველი: და ჩემი დამადნობელი: მან გამამგზავნა დავაგდე: პატრონი მათი მშობელი:

1230. რომე შენ ქალი გყოლია: მე ძებნად მისვე ქალისად: მივლია ყოვლი ქვეყანა: მის მზისა მონაცვალისად: მისთვის გაჭრილი მინახავს: წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად: გამცუდებელად თავისად: მის გულისა და ძალისად:

1231. ავთანდილ ფატმანს ყოველი: უთხრა ამბავი თავისა: ამბავი ტარიელისგან: შემოსვა ვეფხის ტყავისა: უბრძანა შენ ხარ წამალი: ჯერ შენგან უნახავისა: ღონე წამწმისა ხშირისა: ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა:

1232. მოდი და ფატმან მეწიე: ვეცადნეთ მისა რგებასა: უშველოთ იგი მნათობნი: ნუთუ მიეცნენ შვებასა: ვინცა სცნობს კაცი ყველანი: ჩვენსა დაიწყებს ქებასა: ნუთუ კულავ მიხვდენ მიჯნურნი: ერთმანერთისა ხლებასა: