... (Q-609), XIX ს.

1233. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ: იგივე მონა გრძნეული: ქალსა ვაცნობოთ ყველაი: ამბავი ჩვენგან ცნეული: მანცა გვაცნობოს მართალი: ვჰქნათ მისი გამორჩეული: ღ~თმან ქნას ქაჯთა სამეფო: მოგესმას ჩვენგან ძლეული:

1234. ფატმან თქუა ღ~თსა დიდება: საქმენი მომხვდეს მორანი: დღეს რომე მესმნეს ამბავი: უკუდავებისა სწორანი: მოგვარა მონა გრძნეული: შავი მართ ვითა ყორანი: უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი: წა გზანი გისხენ შორანი:

1235. აწ გამოჩნდების სახმრობა: ჩემი შენისა გრძნებისა: ფიცხლად დამივსო სახმილი: შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა: მას მზესა ჰკადრე მიზეზი: მისისა განკურნებისა: მან უთხრა ხვალე მოგართვა: ყოვლი ამბავი ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი:

1236. ფატმან წერს აჰა მნათობო: სოფლისა მზეო ზენაო: შენთა შორს მყოფთა ყოველთა: დამწველო ამაზრზენაო: სიტყვა მჭევრო და წყლიანო: ტურფაო ლამაზ ენაო: ბროლო და ლალო ორივე: კულავ ერთგან შენათხზენაო:

1237. თუცა თუ შენი ამბავი: შენ არა მომასმენიე: მე ეგრეცა ვსცან მართალი: მით გულსა მოვალხენიე: შენთვის ხელქმნილსა ტარიელს: ამბითა მოალხენიე: ორნივე მიხუდეთ წადილსა: იგი ვარდობდეს შენ იე:

1238. მოსრულა შენად საძებრად: მისი ძმად შეფიცებული: ავთანდილ მოყმე არაბი: არაბეთს შიგან ქებული: სპასპეტი როსტენ მეფისა: ვერვისგან დაწუნებული: შენ სწერდი შენსა ამბავსა: ლაღი ბრძნად გაგონებული:

1239. ჩვენ ამისთვის ესე მონა: გამოვგზავნეთ თქუენსა წინა: ვცან ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა: მანდაურთა მეომართა: ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი: ან თავადი მათი ვინა:

1240. რაცა იცი მანდაური: მოგვიწერე გაამჟღავნე: მერმე შენსა საყვარელსა: ნიშანი რა გაუგზავნე: შენი ყველა აქამდისი: ჭირი ლხინსა გაათავნე: ღ~თსა უნდეს მოყვარენი: შესაფერნი შეგაზავნე:

1241. წადი უსტარო ისწრაფე: თუ მუჴლი გქონდეს მალები: დაგნატრი მიხვალ დაგხვდების: ბროლი სათი და ლალები: ბედად შენ მჯობხარ უსტარო: გნახვენ დამწველის თვალები: შენს უკან ჩემი სიცოცხლე: თუ გესმის არ გებრალები:

1242. ფატმან მისცა დაწერილი: მას გრძნეულსა ჴელოვანსა: ესე წიგნი მიართვიო: ქალსა მზისა დასაგვანსა: მან გრძეულმან მოლი რამე: წამოისხა ზედან ტანსა: მასვე წამსა გარდაიკარგა: გარდაფრინდა ბანის ბანსა:

1243. წავიდა ვითა ისარი: კაცისა მშვილდ ფიცხელისა: რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო: ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა: უჩინლად შევლო სიმრავლე: მოყმისა კართა მცველისა: მას მზესა ჰკადრა სალამი: მისისა სასურველისა:

1244. ციხისა კარნი დახშულნი: შევლნა მართ ვითა ღიანი: შევიდა ზანგი პირ შავი: თმა გრძელი ტან ნაბდიანი: იგი მზე დაჰკრთა ეგონა: სამოსი რამე ზიანი: შესცვალა ვარდი ზაფრანად: ლაჟვარდის ფერად იანი:

1245. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ: ანუ აგრე რად დაბნდები: მე ვარ მონა ფატმანისა: თქუენს წინაშე ნამგზავრები: ამა წიგნმან გამამართლოს: არ ტყუილად გეუბნები: მზისა შუქნი მოიცადე: ვარდო ადრე ნუ დასჭნები:

1246. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის: ამბითა საკვირველითა: ნუშნი გააპნა შეიძრნეს: სათნი გიშრისა წნელითა: მას იგი წიგნი მონამან: მისცა თავისა ჴელითა: სულთქვამს იკითხავს უსტარსა: ალტობს ცრემლითა ცხელითა:

1247. მონასა ჰკითხა მიამბე: ვინ არის ჩემი მძებნელი: ანუ ვინ მიცის ცოცხალი: მიწასა ზედან მტკეპნელი: მან მოახსენა ვიკადრებ: რასაც ოდენ ვარ მცნებელი: რა წამოსრულ ხარ მას აქეთ: შენგან ჩვენია მზე ბნელი:

1248. ფატმანის გული მას აქეთ: ლახვართა შენახევია: მას რომე ცრემლი სდიოდეს: ზღვათაცა შენართევია: მე ერთხელ შენი ამბავი: მისთვის კულავ მიმირთმევია: ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ: ტირილი არ დამლევია:

1249. აწ ვინმე მოყმე მოვიდა: შვენიერითა პირითა: მან უთხრა წვრილად ყველაი: თქვენ ხართ რათაცა ჭირითა: იგია შენი მძებნელი: მკლავითა ვითა გმირითა: მე გამამგზავნეს დამვედრეს: სწრაფა სწრაფითა ხშირითა:

1250. ქალმან უთხრა მემართლების: ყმაო შენი ნაუბარი: ფატმან ჩემი რა იცოდა: ვიყავ ვისი წანაგვარი: უღონიოდ არის სადმე: ჩემი ცეცხლთა მამდებარი: მე მიუწერ შენცა ჰკადრე: ვარ ვითამცა გულ მდუღარი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი: