... (A-859), 1841 წ.

1311. გზანი დახუდეს შეკაზმულნი, ავიდეს და აძურეს ხვრელსა. ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა. მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა. მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა:-

1312. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს. ამას გვანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს. მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნეს. აქანამდის ჭირ ნახულთა, ამას იქით გაიხარნეს:-

1313. მათ ერთმანერთსა აკოცეს, სდგანან ყელ გარდაჭდობილნი . კულავ შეეწებნეს ხშირ ხშირად, ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეჰკრბეს სამივე ძმობილნი. მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი:-

1314. [..........................] ტურფითა მოცინარითა. აკოცა მისთა მშველელთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა. მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყვითა მით ნარნარითა. ორნივე ერთგან უბნობდეს, ამოთა საუბარითა:-

1315. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს. მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს. არა სჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს. თავნი მათნი გაალომეს, მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს:-

1316. სამასისა კაცისაგან, ასსამოცი შეჰყოლოდა. ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთკერძ უხაროდა. მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა. რომე ჰპოეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა:-

1317. მოკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები. სამიათასსა აჰკიდეს, მარგალიტი და თვალები. თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები. იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები:-

1318. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთს ციხისა მცველია. წამოიყვანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია. ზღუათა ქალაქსა დამართეს, თუმცა გზა მუნით გრძელია . თქუჱს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაცს მისი გარდუხდელია:-

ტარიელისაგან ზღუათა მეფისას მისვლა.

1319. ზღუათა მეფესა წინაშე, გაგზავნა მახარობელი. შესთუალა მოველ ტარიელ, მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი. ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი. მწადიან გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი:-

1320. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუჱყანა, და მათი დანადებია. მეფეო კარგი ყველაი, მე თქუჱნგან წამკიდებია. ფატმანს უხსნია ჩემი მზე, დედებია და სდებია. ამისად მუქაფად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია:-

1321. მოდი გნახენ გავიარდეთ, ქუჱყანასა შენსა ვირე. სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღვნი ჩემგან შეიწირე. კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე. მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემ კერძ ირე:-

1322. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა. გამოგზავნოს იამების, ნახვა მისი ხსნილსა მისსა. მისგან კიდე ინატრიდა, ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა. ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა:-

1323. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღუათა მფლობელსა. წესია გული გაკრთების, ამბავსა გასაკრთომელსა. მისცა მადლი და დიდება, ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა. მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისვლა სხუასაღა მხმობელსა:-

1324. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა. მას მოაქ რიცხჳ ტურფათა, არს სიდიადე სათისა. ფატმან ჰყვა თანა იარეს, სავალი დღისა ათისა. უხარის ნახვა ლომისა, და მზისა ხმელთა მნათისა:-

1325. შორს გაეგებნეს სამნივე, დიდსა მეფესა ზღვათასა. გარდახდეს მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა. შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა. ქალი რა ნახეს სტრფიალობს, შუქსა მას ბროლ ბაკმათასა:-

1326. ფატმან ხათუნს მისსა მჭურეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი. მოეხვია გარდუკოცნა, ხელი ფერხი პირი ყელი. იტყჳს ღ~თო გემსახურო, გამინათლდა რადგან ბნელი. ვსცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი:-

1327. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყჳს არ გამწყრალი. ღ~თნ გული განმინათლა, გახეთქილი გაცამწყრალი. აწ აგრე ვარ გავსებული, ვითა პირველ ვიყავ მცხრალი. მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი:-

1328. ზღუათა მეფე გარდაიხდის, მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა. უხუად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა. პერპერასა დაფანტულსა, ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა:-

1329. მუნ იდჳს გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა. ტარიელს უძღუნა გჳრგვინი, ვერ დანადები ფასისა. იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა მეტათ ხასისა. კულავ ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა:-