... (A-859), 1841 წ.

1255. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია. მოდი და გავხსნათ შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია. იამა ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია. დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია:-

1256. ჰპოეს საჭურჭლე უსახო, კულავ უნახავი თვალისა. მუნ იდუა რიყე თვალისა, ხელ წმიდად განათალისა. ჩნდის მარგალიტი ოდენი, ბურთისა საბურთალისა. ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა:-

1257. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი. ჰპოეს ერთი ზარადახანი, აბჯრისათჳს ახლად ქნილი. მუნ აბჯარი ყოვლი ფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი. შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არ გახსნილი:-

1258. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკვირველიო. ჯაჭუ მუზარადი აბჯარი, ჴმალი ბასრისა მჭრელიო. თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო. უმისჟამისოდ ვინც გახსნას, იყოს მეფეთა მკულელიო:-

1259. კიდობანი გახსნეს ჰპოეს, მუნ აბჯარი სამი ტანი. რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი. ჯაჭვი ჴმალი მუზარადი, საბარკული მათი გვანი. ზურმუხტისა ბუდებითა, იყვნეს ვითა ლუსკუმანი:-

1260. თჳთომან თჳთო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან. ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა, მართ ვერა ვერ მოკიდიან. ჴმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან. მათ უღირს ყოვლად ქუჱყანად, შევატყევ არ გაყიდიან:-

1261. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა. ღ~თნ მოგხვედა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა. აიღეს იგი აბჯარი, თავის თავისა ქედითა. თჳთო მათ ერთი ფრიდონის, საძღვნობლად შეკრეს ღვედითა:-

1262. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები. გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქუა ამას იქით, დავამაგრო ჴმალთა ნები. ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები:-

1263. აქა მხატუარო დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი. იგი მიჯნურნი მნათობთა, სხჳსა ვერვისგან სწრობილნი. ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი. რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ, ომი ლახვართა სობილნი:-

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას

1264. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქუჱყანამდი, შეისვიან მათ უკანა. მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა. ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა:-

1265. იარეს და ზედა შეხუდეს, ნურადინის მეჯოგეთა. ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთჳს ეაგეთა. მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყჳს, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა. მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა:-

1266. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად. გამოემართჳს საომრად, ველთა სისხლისა დაღებად. ანასდად გიცნობს გაკრთების, გულსა შეელმის დაღებად. ამოა კარგი ლაღობა, ლაღსავე შეიქს ლაღებად:-

1267. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეექნა ეკრა კვესებსა. უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა. ჯოგი მისია ვინ მტერსა, ჴმალსა კრავს არ აკუნესებსა:-

1268. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს. გვიშველეთო გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს. ხმა შეიქნა შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს:-

1269. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქნა შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა. დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა:-

1270. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, აწ ვნახეო ვინცა მინა. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა გაიცინა. ფრიდონს უთხრა რასა ლამი, ჩუჱნი მოსლვა რას გეწყინა. პურად ავი მასპინძელი, მოგვეგებვი ომად წინა:-

1271. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხჳვნეს აკოცესცა. ფრიდონ ღ~თსა ხელაპყრობით, უსაზომო მადლი მისცა. დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა:-

1272. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე. მე მზა ვარო სამსახური, თქუჱნი რამცა დავიზარე. ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყუნეს, ორნი მზენი ერთი მთვარე. ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს იქცეს გარე:-

1273. ფრიდონის სახლსა გარდახდეს, ორნივე ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა . მათ უძღვნეს იგი აბჯარი, ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა:-