... (A-859), 1841 წ.

1427. მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან. გამოეგება აკოცა, კუბოსა შიგან ჯდომილმან. დაუწყო ქება მეფემან, თჳთ ვერას ვერ მიხდომილმან:-

1428. ეტყჳს მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო. შენთჳს ხელნი გონებანი, არა ცუდათ არიანო. მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო. თქვენსა ჭურეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო:-

1429. განჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი, მისთა ელვათა ფენასა. ვით მზემან დაჰყვნა მჭვრეტელთა, თვალნი ნათლისა ჩენასა. მისგან დამწვარნი მისცნიან, გულნი ჭვრეტითა ლხენასა. სითაც გამოჩნდის იქმოდეს, ჯარნი მუნითკენ რბენასა:-

1430. შინა წავიდეს ყოველნი, შესხდეს თავისა დარებად. არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად. ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი, მის მზისა დასადარებად. ადრე მივიდეს მეფისა, სახლად სამყოფად არებად:-

1431. შევიდეს ნახეს თინათინ, მჭურეტთა მამცემი ჭირისა. სკიპტროსან გჳრგვინოსანსა, შვენოდა ცმა პორფირისა. მისრულთა პირსა შეადგა, ელვა მისისა პირისა. შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე მსგავსი გმირისა:-

1432. ტარიელ და ცოლმან მისმან, ქალსა მდაბლად უსალამეს. მოეგებნეს აკოცეს და, საუბარი დააამეს. იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს. ბროლ ბალახში გააღაწვეს, და გიშერი აწამწამეს:-

1433. თინათინ ზედა აწვივა, ტახტსა მეფეთა ზეთასა. ტარიელ უთხრა შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა. დღეს ტახტი შენი შენ გმართებს, მეტად ყოველთა დღეთასა. მე ლომი ლომთა დაგისვა, გვერდსა შენ მზეთა მზეთასა:-

1434. ორთავე ჴელი მოჰკიდეს, და დასვეს ტახტსა თავისსა. გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა. უნახავსა და ნახულსა, სჯობს ყოვლსა სანახავისსა. ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა:-

1435. ქალსა შესწბა გაუკვირდა, ავთანდილის გვერცა ჯდომა. ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა, შე და გამო გულმან კრთომა. მეფე ეტყჳს შვილო ჩემგან, გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა. ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა:-

1436. აწ შჳლნო ღ~თნ თქუჱნ მოგცეს, ათას წელ დღეთა გრძელობა. სვე სჳანობა დიდობა, კვლავ ჭირთა გარდუხდელობა. ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების, თჳთ მისებრ შეუცვლელობა. თქუჱნის ხელითა მეღირსოს, მიწათა შემომყრელობა:-

1437. მართ მეფემან სპათა ბრძანა, ავთანდილის თაყუანება. ესეაო მეფე თქუჱნი, ასრე იქმნა ღ~თისა ნება. დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე ვითა სნება. ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება:-

1438. ლაშქარნი და დიდებულნი, მოდრკეს მდაბლად ეთაყვანნეს. მოახსენეს მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყვანნეს. მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს, ურჩნი მკუდართა დაგვაგვანნეს. მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩუჱნნი აგულოვნნეს:-

1439. ტარიელც უთხრა ქებითა, იმედისა გათავება. ქალსა ეტყჳს შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება. ქმარი შენი ძმაა ჩემი, მწადს აგრევე თქუჱნი დება. ორგულთა და შემცილეთა, შენთა მე ვქნა გაფლიდება:-

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან.

1440. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე, ზის და ჴელმწიფე ზენია. მასთანა მჯდომსა ტარიელს, შუჱნიან სინაზენია. ნესტან დარეჯარ ახლავს, თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია. ჰგავს თუ ცა მოსდრკა ქუჱყანად, შეყრილან ოთხნი მზენია:-

1441. დაიწყეს მორთმა პურისა, ლაშქართა მის მესავსისა. ზროხა და ცხუარი დაკლული, არს უმრავლესი ხავსისა. შეიქმნა ზღვნობა ძღვენისა, მათისა შესამგზავსისა. მათ ყოვლთა შუქი ანათობს, პირისა მზისა მსგავსისა:-

1442. იაგუნდისა ჯამები, იყვნეს ლალისა ჭიქები. კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა, სხდის უცხო უცხო სიქები. მის ქორწილისა მაქები, კაცი ბრძენთაგან იქები. მჭურეტელო გულსა ეტყოდი, ნუ აეხსნები იქ ები:-

1443. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ჴმა წინწილისა. შეყრით სძეს გორი ოქროთა, და ბალახშისა თლილისა. მსმელთათჳს წყარო ღჳნისა, ასგან სდის მსგავსი მილისა. ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა:-

1444. არა დარჩა უსაბოძვრო, არ კოჭლი და არ საპყარი. მოდიოდა მარგალიტი, მოფანტული მონაყარი. გაბედითდა წასაღებლად, ატლასი და ოქრო მყარი. სამ დღე იყო ინდოთ მეფე, ავთანდილის ვით მაყარი:-

1445. ხვალისა მეფე არაბთა, კულავ პურობს არ ღაფალია. ტარიელს უთხრა შენი მზე, საჭურეტლად სატურფალია. მეფე ხარ ყოვლთა, მეფეთა და ეგე დედოფალია. ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად, ჩუჱნ თქუჱნი ნატერფალია:-