... (A-859), 1841 წ.

1274. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს, სხუა შენთჳს არმაღანია. მაგრა ტურფანი მრავალნი, ქვე სადმე გვისხენ სხვანია. მან დასდვა პირი მიწასა, არ დააყოვნა ხანია. ჩემთჳს ამისი ბოძება, არს თქუჱნი შესაგვანია:-

1275. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა. აბანოს ჰბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღნობითა. დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა. თვალ მარგალიტი ღარიბი, უძღუნა ოქროსა გობითა:-

1276. უთხრა თუ ესე სიტყვაა, ავისა მასპინძელისა. ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა, თქუჱნ ბრძნისა ვითა ხელისა. მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა. თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა:-

1277. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდან და ცოტანი. სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი. ჩუჱნ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად, დავაგნეთ ჴმალსა კოტანი. მას ადრე ვპოებთ ვისიცა, მოგვკლავს ალვისა მოტანი:-

1278. ქაჯეთს ერთხელ კვლავ ვყოფილვარ, ნახავთ თქუჱნცა გემაგრების. თუ იდუმალ არ შეუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების. ყოვლგნით კლდეა გარეშემო, მტერი ვერა მოადგების. მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების:-

1279. იგინიცა დაემოწმნეს, ამა მისა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თჳთ სამასსა ცხენოსანსა, წაიტანდეს გმირთა დარსა. ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს, ყოვლსა პირველ შენაზარსა:-

1280. ზღუა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა. ფრიდონ გზა იცის იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა, ჩუჱნ ქაჯეთს მიახლებულთა. აქადგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა:-

1281. ამა ფრიდონის თათბირთა, სამნივე ერთგან ზმიდიან. რა გაუთენდის დადგიან, და ღამით ფიცხლა ვლიდიან. მივიდეს აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან. გარე კლდე იყო გუშაგთა, ჴმა ჯარვით გაადიდიან:-

1282. გვირაბის კარსა ჭაბუკი, ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია. თქვეს ვითათბიროთ ვითა ვქნათ, აწ გამორჩევა ძნელია. ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია:-

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის. ციხეს რომ მოადგეს.

1283. ფრიდონ თქუა ვიტყჳ სიტყუასა, ვეჭ ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი, დიდთაგან საომარია. პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს, არ ჟამი საკვეხარია. ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია:-

1284. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი, სამუშაითოდ მზრდიდიან. მასწავლნეს მათი საქმენი, მახტუნებდიან მწვრთიდიან. ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მამკიდიან. ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან:-

1285. აწ ვინცა იცით უკეთე, შეტყორცა საგდებელისა. მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ, წვერი საბლისა გრძელისა. მას ზედან გავლა ადჳლად, მიჩანს მართ ვითა ველისა. თქვენ ჭირად გიყო შიგანთა, პოვნა კაცისა მრთელისა:-

1286. აბჯრითა გავლა არად მჩანს, ჭირად გატანა ფარისა. შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა. ლაშქართა დავხოც გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა. თქვენცა მუნ მოდით სადაცა, გესმას ზრიალი ზარისა:-

თათბირი ავთანდილისა

1287. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან. ლომთა მკლავთაგან იმედი, გაქვს არა წყლულნი გტკივიან. სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახივიან. მაგრა თუ გესმის გუშაგნი, რა ახლო ახლო ყივიან:-

1288. რა გახვიდოდე გუშაგთა, ესმას აბჯრისა ჩხერება. გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ, ამისი ხამს დაჯერება. წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება. ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქნათ თავის ტერება:-

1289. სჯობს დადეგით დამალულნი, თქუჱნ ადგილსა იდუმალსა. ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს შემავალსა. სავაჭროდა შევეკაზმი, ვიქ საქმესა მე მუხთალსა. ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ, მუზარადსა ჯაჭუსა ხრმალსა:-

1290. სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან არს სათუები. მე მარტო შევალ ვაჭრულად, და კარგად შევეტყუები. მალჳთ ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები გავეცრუები. ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო, შიგნით სისხლისა რუები:-

1291. შიგნითა მცველთა მოვიცლი, მე უნახავად ჭირისა. თქუჱნ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მზგავსად გმირისა. კლიტეთა დავლეწ გავახვამ, ნახოთ გაება კარისა. თუ რა სხვა სჯობდეს თქუჱნ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისა:-