... (A-859), 1841 წ.

1349. ვინ ღირსა თქუჱნგან ეგზომსა, ტირილსა შეჭირვებასა. თქუჱნთჳს სიკუდილი დია სჯობს, მიწათა ზედან რებასა. კულავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა, ნურათ იქთ გამწარებასა. ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს, ათასსა გახარებასა:-

1350. ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყჳს დიდსა სიმძიმილსა. მათ შეასხეს ქება უთხრეს, თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა. რადგან მიხუდა დაკარგული, ლომი მზესა წახდომილსა. აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა:-

1351. მივიდეს სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია. სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გახდა ზათქი და ზარია. დაბდაბისა და ქოსისა, ჴმა ტურფად შენათხზარია. მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია:-

1352. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია. შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქუს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯანია. მათდა საჭურეტლად მიშვება, მუნ მათგან სააჯარია:-

1353. გადახდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი, ოქროს სარტყლითა მონები. ფეხთა საფენლად ოქსინო, მართ მათგან არს ნაქონები. თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები:-

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან.

1354. მათ ქალ ყმათათჳს საჯდომი, დაედგა თეთრ ძოწეული. წითელ ყჳთლითა თუალითა, ზედა კეკლუცად ფრქვეული. ავთანდილისთჳს ყვითელი, და შავი ერთგან რეული. მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი, ვსცან მათი სული ლეული:-

1355. მგოსანნი მოდგეს ისმოდა, ჴმა სიმღერისა ტკბილისა. ქორწილი ქმნეს და გამრავლდა, ძღნობა ლარისა ლბილისა. ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა. ნესტან დარეჯანს უშვენის, ღიმილი ჩენა კბილისა:-

1356. მოიღეს ძღუჱნი უსახო, ფრიდონის არ ალქატისა. ცხრა მარგალიტი სიდიდით, მართ ვითა კვერცხი ბატისა. კულავ ერთი თუალი სამგზავსო, მზისა შუქ მონამატისა. მას წინა ღამით ძალ ედვის, მხატვარსა ხატვა ხატისა:-

1357. კულავ უძღუნა თჳთო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა. მრგვლად გათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა. კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა. ავთანდილისთჳს ლომისა, ძღვენი ფრიდონის ქველისა:-

1358. იგი ტაბაკი სავსეა, მარგალიტითა სხვილითა. ავთანდილს უძღვნა ყველაი, არა სიტყვითა წბილითა. აივსო სახლი სტვირითა, და ოქსინოთა ლბილითა. ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყჳთა ტკბილითა:-

1359. ფრიდონისგან უსაზომო, ქორწილია დღესა რვასა. ყოვლთა დღეთა მიართმიდეს, უფასოსა ძღვენსა მზასა. დღე და ღამე არ გასწყვეტდის, ჩაღანა და ჩანგი ჴმასა. აჰა მიხვდეს შესაფერნი, ყმა ქალსა და ქალი ყმასა:-

1360. ტარიელ ფრიდონს უბრძანა, დღე ერთ სიტყვები გულისა. არს გული თქვენი საჩემო, უფროსი ძმისა სრულისა. არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა. მე თქუჱნგან ვჰპოვე მოკუდავმან, ჩემი წამალი წყლულისა:-

1361. ავთანდილისგან შენც იცი, ჩემთჳს თავისა დადება. აწ მე მაქუს ნაცულად მისისა, მოჴმარებისა წადება. შენ მიდი კითხე რა უნდა, მან ქნას ამისი ცხადება. ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება:-

1362. უთხრა ძმაო რა გარდიხდის, შენგან ჩემსა ჭირნახულსა. ღ~თი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა. თუ ვერა ვიქმ საწადელსა, შენსა შენთჳს გაზრახულსა. არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა არცა ხულსა:-

1363. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეჴმარები. ვარჩევ წავიდეთ არაბედს, იყავ ჩემიცა მარები. ტკბილი სიტყჳთა გავმართოთ, და ხმლითა საომარები. თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები:-

1364. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს, ტარიას მოციქულობა. მას გაეცინნეს გაღიმდეს, შუჱნოდა მხიარულობა. თქუა თუ მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა. ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა:-

1365. ჩემი მზე ტახტსა ზედან ზის, მორჭმული ღ~თისა ნებითა. საკრძალავი და უკადრი, ლაღი არვისგან ვნებითა. არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა. მას ზედან შუჱლა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა:-

1366. რა მოვა ჩემთჳს განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი. ღ~თი აწადებს მომივლენ, გულის სახმილთა ლხენანი. მაშინვე დამხუდნენ მოკუდავსა, მზისა ელვათა ფენანი. უმისჟამისოდ ცუდია, ჩემგან მი და მო რბენანი:-

1367. მიდი და ჰკადრე ტარიელს, პასუხი ჩემგან თხრობილი. მადლი რად უნდა მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი. ვარ მუცლითგანვე დედისა, თქვენად სამონოდ შობილი. ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი:-