... (A-859), 1841 წ.

1407. გაეკჳრვა მეფე მისსა, თვალადობა სიტურფესა. პირსა უჭურეტს გაკჳრვებით, უქებს მკლავთა სიალფესა. კულავ ფრიდონცა უსალამა, თაყუანისცა მან მეფესა. მას მეფესა ავთანდილის, ნახვისათჳს მოსწრაფესა:-

1408. მეფე ტარიას ქებასა, დაჰკრთების დაეღონების. ტარიელ ეტყჳს მეფეო, აწ გული შენ გემონების. მიკჳრს თუ ეგრე სიკეთე, თქუჱნ ჩემი რად გეგონების. რადგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების:-

1409. ნუ გიკჳრს მისი ვერ ნახვა, და დაყოვნება ხანისა. მოდი და დავსხდეთ მეფეო, ამოა კორდი მწვანისა. გკადრო მიზეზი მისისა, თქუჱნს წინა ვერ მოტანისა. ვიაჯ რასმე მე მართებს, მოთხოვა აწ ფარმანისა:-

1410. დასხდეს მეფენი მოადგა, გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი, ათქს უნათლესი ბაზმისა. ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა. დაუწყო თხრობა მეფესა, სიტყჳსა ბრძნად ნაკაზმისა:-

1411. მეფეო თავი მემცრობის, მე მისად მოსახსენებლად. მაგრამ მოსრული თქუჱნს წინა, ვარ შემამხვეწლად მქენებლად. თჳთ იგი იაჯს რომელი, ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად. ვინ არის ჩემად სინათლედ, და ჩემად გამათენებლად:-

1412. აწ ამას გკადრებთ ორნივე, ხვეწით და შემუდარებით. ავთანდილ დამდვა წამალი, მისგან თავისა დარებით. დავიწყდეს რომე პატიჟნი, სჭირდეს ჩვენთავე დარებით. არ გაწყენ გრძელი ამბავი, არს ჩვენგან მიუმხვდარებით:-

1413. თქვენთა უყვარსთ ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა. მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ ნამკრთალსა. მუხლ მოყრილი გიაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა. რომე მისცე ქალი თქუენი, მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა:-

1414. ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა არცა გრძელსა. ამოიღო ხელმანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა. ადგა მუხლნი მოუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა. გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მამსმენელსა:-

1415. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი, ნახა მეფე შეუზარდა. შორს უკუდგა თაყვანისცა, ქვე მიწამდის დაუარდა. მოახსენა ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი გამიქარდა. თქუჱნმან აგრე სიმდაბლემან, ნახვა თქუჱნი ჩამადარდა:-

1416. ვით ეგების რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს. ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკუდავად და ტყვედცა გინდეს. გებრძანამცა სახლით თქუჱნით, ცრემლი არცა მაშინ გდინდეს. სხუა მისებრი ვერა ვჰპოოს, ცათამდისცა გაცაფრინდეს:-

1417. მე სიძესა ავთანდილის, უკეთესა ვჰპოებ ვერა. თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა, მივეც აქუს და მას ეფერა. ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყუავილი დამებერა. რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა:-

1418. თუ შეგერთო ერთი მონა, თქუჱნთჳს არცა მაშინ მშურდა. ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა. თუ ავთანდილ არ მიყუარდა, აგრე მისთჳს რად მამსურდა. დია ღ~თო წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა:-

1419. რა ტარიელ მეფისაგან, ესე სიტყვა მოისმინა. დადრკა მდაბლად ეთაყუანა, პირსა ზედან დაეფინა. კულავ მეფემან თაყუანისცა, წამორევლო წადგა წინა. ერთმანერთი მოემადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა:-

1420. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის, მახარობლად გაექანა. ეზდენ დიდი სიხარული, გაეხარნეს მასცა განა. წავიდა და გამოუძღვა, მოიყვანა მოყვა თანა. მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა:-

1421. მეფე ადგა მოეგება, ყმა გარდახდა რა მივიდა. ხელთა ქონდა ხელმანდილი, პირსა იმით იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა. მაგრა მისსა შვენებასა, რამცა ვითა დაჰფარვიდა:-

1422. მეფე კოცნასა ლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან. ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან. უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან. რადგან მერჩიო ნუ მერცხვი, გაე რასაღა გრცხვენიან:-

1423. მოეხვია გარდაკოცნა, მან პირისა არე მარე. დამივსეო ცეცხლი ცხელი, მაგრა წყალი არე მარე. ვინ გიშერი დააჯოგა, და წამწმისა არემარე. ხვალე შეგყრი ლომო მზესა, თავი მისკენ არე მარე-

1424. მეფე ყელსა ეხვეოდა, მას ლომსა და ვითა გმირსა. ახლოს უზის ეუბნების, აკოცებს და უჭურეტს პირსა. იგი მზე და ხელმწიფობა, ასრე მივა ვითა ღირსა. მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა:-

1425. ყმა მეფესა მოახსენებს, მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ. რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რადღა აგვიანებ. მიეგებვი მხიარული, სახლსა თქუჱნსა მოიყვანებ. შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ:-

1426. ტარიელსცა მოახსენა, შესხდეს ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა, მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს. მიხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოეს რაცა ძებნეს. ჴელი ხადეს ჴმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს:-