... (H-302), 1803 წ.

1307. მზე მოეგება პირითა, ტურფითა მოცინარითა, აკოცა მისთა მშველელთა, ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა, სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს, ამოთა საუბარითა-

1308. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს, არა ჰსჭირდა არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი თვისნი გაალომეს, მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს-

1309. სამასისა კაცისაგან, ასსამოცი შეჰყოლოდა, ფრიდონს უმძიმს, სპათა მისთა მაგრამ ერთკერძ უხაროდა, მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე ჰპოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა-

1310. მოკრიფეს ჯორი აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები, სამიათასსა აჰკიდეს, მარგალიტი და თუალები, თუალი ყუჱლაი, დათლილი იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესუეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები-

1311. სამოცი კაცი დააგდეს, ქაჯეთს ციხისა მცუჱლია, წამოიყუანეს იგი მზე, მათიღა წაგვრა ძნელია, ზღუათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, ჰსთქუეს ფატმან ვნახოთ მუქაფა, გვაც მისი გარდუხდელია-

ტარიელისაგან ზღუათა მეფისას მისვლა

1312. ზღუათა მეფესა წინაშე, გაგზავნა მახარობელი, შესთუალა მოველ ტარიელ, მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი, ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლახუართა მსობელი, მწადიან გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი-

1313. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუჱყანა, და მათი დანადებია, მეფეო კარგი ყუჱლაჲ, მე თქვენგან წამკიდებია, ფატმანს უჴსნია ჩემი მზე, დედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღვნა, მძულს ცუდი ნაქადებია-

1314. მოდი გვნახენ გავიარდეთ, ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა, გიძღუნი ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი ვერა გნახავ, შენ წამოდი ჩემ კერძ ირე-

1315. თქუჱნ უბრძანე ჩემმაგიერ, უსენს ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს იამების, ნახუა მისი ჴსნილსა მისსა, მისგან კიდე ინატრიდა, ჭურეტასამცა სხუადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა-

1316. რა კაცი ტარიელისა, ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, წესია გული გაჰკრთების, ჰამბავსა გასაკრთომელსა, მისცა მადლი და დიდება, ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა არ უნდა, მისულა სხუასაღა მხმობელსა-

1317. ბარგი აჰკიდა გააგო, ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქუს რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა, ფატმან ჰყავს თანა იარეს, სავალი დღისა ათისა, უხარის ნახუა ლომისა, და მზისა ჴმელთა მნათისა-

1318. შორს გაეგებნეს სამნივე, დიდსა მეფესა ზღუათასა, გარდაჰჴდეს მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა, შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახეს სტრფიალობს, შუქსა მას ბროლ ბაკმათასა-

1319. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ცხელი, მოეხვია გარდუკოცნა, ჴელი ფერჴი პირი ყელი, იტყვის ღ~თო გემსახურო, გამინათლდა რადგან ბნელი, ვჰსცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი-

1320. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყუის არ გამწყრალი, ღ~თნ გული განმინათლა, გახეთქილი გაცამწყრალი, აწ ასე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ დამზრალი-

1321. ზღუათა მეფე გარდაიჴდის, მუნ ქორწილსა მეტად დიდსა, ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა, უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა, ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა-

1322. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა, ტარიელს უძღუნა გვირგვინი, ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვთლისა მეტად ხასისა, კულავ ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა-

1323. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა, დასხდეს ორნივე ქალ ყმანი, პირითა ელუა მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწუნეს, ცეცხლითა მართ ახალითა-

1324. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა, უსაზომო დიდი ძღუენი, ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თჳთო ცხენი, თითო კაბა თუალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოახსენეს მადლი რა ვჰსთქუათ, სვიანამცა დავლა თქვენი-

1325. ტარიელ მადლსა იხდიდა, ტურფა სიტყვითა ენითა, დიდად ვიამე მეფეო, პირველ ნახვითა თქუენითა, მერმე აღგუავსენ მრავლითა, ტურფა ფერითა ძღვენითა, ვიცი შორი შორ არ ჩავლა, ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა-