... (H-302), 1803 წ.

1211. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ, მგზავრითა რათმე ნავითა, პირ მხიარული აცორვებს, მართ ოდენ მარტო თავითა, მას შეყრა ტარიელისა, უხარის მით ამბავითა, ჴელ განპყრობილი გულითა, არს ღუთისა საესავითა-

1212. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცუალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა, სულთქნა რა ნახა ყუავილი, მან უნახავმან ხანისა-

1213. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ჰსცროდეს ბროლისა ცუარითა, ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა, უბრძანა გიჭვრეტ თუალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ, თქვენთანა საუბარითა-

1214. რა მოეგონის მოყუარე, ჰსდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა, მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახის დახოცის, ლომ ვეფხნი მოშამბნარენი-

1215. ქუაბნი გამოჩნდეს იამა, იცნა თქვა იგი კლდენია, სადაა ჩემი მოყუარე, და ვისთვის ცრემლი მდენია, ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ, უჰამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს რაღა ვჰქმნა, ცუდ ჩემი განავლენია-

1216. თუ მოსრულა უღონიოდ, შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა, სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო, იგონებდა იხედვიდა, ესე ჰსთქუა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა-

1217. მიაცორვებს და იმღერის, მხიარულითა გულითა, მართ საახელდებ უყივის, ჴმითა მით სიხარულითა, ცოტაი წავლო გამოჩნდა, მზე სინათლითა სრულითა, შამბისა პირსა ტარიელ, დგას ჴმლითა მომახულითა-

1218. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა, შამბისა პირსა ქუჱითი, ჰსდგა ცხენი არა ხლებოდა, ყივილი ავთანდილისა, ესმოდა ეოცებოდა, შეხედა იცნა გაიქცა, მისკენ მირბოდა ხლტებოდა-

1219. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგუანდა ეტლისა სწრობილსა, მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგუანან ყელ გარდაჭდობილსა, ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა, ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა-

1220. ტარიელ მოჰსთქუა ტირილით, სიტყუა ნატიფი მჭევრები, სისხლისა ღუარმან შეღება, წითლად გიშრისა ტევრები, ალვისა წყარო ცრემლისა, მორწყავს ნაკადი ბევრები, რადგან შენ გნახე რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები-

1221. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ, სიცილით ეუბნებოდა, გაღიმდის ძოწი გააპის, კბილთაგან ელუა ჰკრთებოდა, იტყოდა ვსცანო ჰამბავი, შენ რომე გიამებოდა, აწ გაახლდების ყუავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა-

1222. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო, კმარს დღესა რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო, მინახავს ნახვა შენია, სხუად ნუ ყოს ღ~თნ წამალი, არცა რა მოგისმენია, კაცმამცა სოფელს ვით ჰპოოს, რაც არა საქმე ზენია-

1223. რა ტარიელ არ შეჰსჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა, მის ჰამბისა დაყოვნება, ვეღარ გასძლო აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა იცნა, გამოუღო შემოვარდა-

1224. წიგნი და კიდე რიდისა, იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცნეს მოჰსდრიკნა, თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი, კაენ ლამექ მშვილდ მალამან-

1225. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქუჱ მდებარესა, შეჰფრინდა შუჱლად მიმართა, მას ტკბილად მოუბარესა, ვერა ვერ არგო დამწუარსა, სრულად ცეცხლ ნადებარსა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე, მართ მისი მიიბარესა-

1226. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ჴმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა, გახეთქა ლალი გათლილი, ანდამატისა კუჱრითა, მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამჰსგავსე ფერია-

1227. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი, ჩასდიოდა მისსა მჭურეტსა, რაცა ვჰქმენო არ უქმნია, არცა შმაგსა არცა რეტსა, წყალი სწრაფით რად დავასხი, ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა, ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს, გული ლხინსა მეტის მეტსა-

1228. მე მოვკალ ჩემი მოყუარე, რა მმართებს გაწბილებულსა, თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა, ცრუ კაცი კარგა ვერა იქმს, საქმესა გაძნელებულსა, თქმულა სიწყნარე გმობილი, სჯობს სიჩქარესა ქებულსა-

1229. უცნობო ქნილი ტარიელ, ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა გამოვლნა, შამბნი საძებრად წყალისად, მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა გავეხდა, ლაჟვარდი ფერად ლალისად-

1230. ავთანდილ მკერდსა დაასხა, მას ლომსა სისხლი ლომისა, ტარიელ შეჰკრთა შეიძრა, რაზმი ინდოთა ტომისა, თუალნი აახვნა მიეცა, ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯათ ჰსჩანს შუქი მთუარისა, მზისგან შუქ ნაკრთომისა-