... (H-302), 1803 წ.

1251. იგი სახლი ორმოცივე, შიგან იყო გატენილი, ჰპოვეს ერთი ზარადახანი, აბჯრისათვის ახლად ქნილი, მუნ აბჯარი ყოვლი ფერი, ასრე იდვა ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი, დაბეჭდილი არ გახსნილი-

1252. ზედა ეწერა აქა ძეს, აბჯარი საკვირველიო, ჯაჭუ მუზარადი აბჯარი, ჴმალი ბასრისა მჭრელიო, თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო, უმისჟამისოდ ვინც გახსნას, იყოს მეფეთა მკულელიო-

1253. კიდობანი გაჴსნეს ჰპოვეს, მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ, მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭუი ჴრმალი მუზარადი, საბარკული მათი გჰუანი, ზურმუხტისა ბუდებითა, იყვნეს ვითა ლუსკუმანი-

1254. თითომან თჳთო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭუ მუზარადსა აბჯარსა, მართ ვერა ვერ მოჰკიდიან, ჴმალი რკინასა მოჰკრიან, ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქუჱყანად, შევატყევ არ გაჰყიდიან-

1255. ჰსთქუეს ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა, ღ~თნ მოგხუედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა, აიღეს იგი აბჯარი, თავის თავისა ქედითა, თითო მათ ერთი ფრიდონის, საძღვნობლად შეკრეს ღვედითა-

1256. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები, გამოვიდეს გამობეჭდეს, ორმოცივე საჭურჭლები, ავთანდილ ჰსთქუა ამას იქით, დავამაგრო ჴრმალსა ნები, ამა ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები-

1257. აქა მხატვარო დახატე, ძმად უმტკიცესად ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან ჰსწრობილნი, ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ, ომი ლახვართა სობილნი-

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასულა ფრიდონისას ქუაბით

1258. რა გათენდა გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქუჱყანამდი, შეისვიან მათ უკანა, მუნ ვაჭარმან მწვე ძვირ ფასად, ცხენი მისცა არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა-

1259. იარეს და ზედა შეჰსხდეს, ნურადინის მეჯოგეთა, ჯოგი ნახეს მოეწონა, ფრიდონისთვის ეაგეთა, მუნ ავთანდილს ჲინდო ეტყვის, გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა-

1260. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი, ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ჴელთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების, გულსა შეელმის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა კულავ შეიქმს ლაღებად-

1261. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა, მუნ მეჯოგეთა ფანოსი, შეექმნა ეკრა კვესებსა, უყივლეს ვინ ხართ მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა, ჯოგი მისია ვინ მტერსა, ჰკრავს ჴრმალსა არ აკუნესებსა-

1262. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს, მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს, გვიშველეთო გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს, ჴმა შეიქმნა შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს-

1263. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა, ჴმა შეიქნა შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა, იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა, დაეხურათ ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა-

1264. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, ჰსთქუა ვნახეო ვინცა მინა, მუზარადი მოიჴადა, გაიღიმდა და გაიცინა, ფრიდონს უთხრა რასა ლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა, პურად ავი მასპინძელი, მოგვეგებვი ომად წინა-

1265. ფრიდონ მჰსწრაფლად გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანის სცა, იგინიცა გარდაუჴდეს, მოეხვივნეს აკოცესცა, ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით, უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა-

1266. ფრიდონ უთხრა რასა ჰსდეგით, მოგელოდი უწინარე, ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს იქცეს გარე, მე მზა ვარო სამსახური, თქუენი რამცა დავიზარე, ჰგუანდა თუმცა შეყრილ იყვნეს, ორნი მზენი ერთი მთუარე-

1267. ფრიდონის სახლსა გარდახდეს, ორნივე ტურფად გებულსა, ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა, ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა, მათ უძღუნეს იგი აბჯარი, ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა-

1268. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გუაქუს, სხუა შენთვის არმაღანია, მაგრამ ტურფანი მრავალნი, ქვე სადმე გვისხენ სხვანია, მან დასდუა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია, ჩემთვის ამისი ბოძება, არს თქვენი შესაგვანია-

1269. გამოისვენეს მას ღამით, ფრიდონის მასპინძლობითა, აბანოს ბანნა აავსნა, შესამოსლისა ძღნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თუალ მარგალიტი ღარიბი, უძღვნა ოქროსა გობითა-