... (H-302), 1803 წ.

1287. მაგრამ იყუენით ჩემთვისცა, საქმისა რასმე რჩევითა, ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა, თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა, ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყვითა თქუენ სათნევითა-

1288. მაგა თათბირსა ესე ჰსჯობს, ვჰქნათ ჩემი მონახსენები, გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსწვიპოთ ცხენები, მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები-

1289. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანი, მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ჴელი კულავ მივყოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა-

1290. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა, ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თუარა ყოლა არ გიძღუნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა-

1291. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს, საუბართა ესოდენთა, ამაზედან გაიცინეს, მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა, ერთმანეთსა ალაღობნეს, ლაღობათა მათთა ფერთა, გარდაჴდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა-

1292. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყვები არ პირ მკუახები, დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები, გაიყუჱს კაცი ას ასი, ყუელაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს აიღეს, მათ მათი ჩაბალახები-

1293. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა, მათ სამთა შვიდნი მნათობნი, ჰფარვენ ნათლისა სვეტითა, ტარიელ შავსა ზედა ზის, ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა-

1294. ჩემი აწ ესე ნათქუამი, მათი სახე და დარია, რა ზედა ჰსწვიმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღუარია, მოვა და ჴევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია-

1295. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწდომნია, მაგრამ ტარიას შემბმელნი, არვისგან მოსანდომნია, მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ჴომნია, აწ იყურებდით მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია-

1296. სამთავე სამად გაიყუჱს, თვითომან თვითო კარები, თანა ჰყუა კაცი სამასი, ყუჱლაი გმირთა დარები, მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები, გათენდა გაჩნდეს მიმართეს, თავის თავ ჰქონდა ფარები-

1297. პირველ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ ხმიერად, გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე მუზარადი, დაიხურეს ჟამიერად-

1298. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი, რა ნახნეს კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰჴდა ზრიალი, სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი-

1299. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხვა ღ~თისა, კრონოს წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა, მათვე რისხვით გარდუბრუნდა, ბორბალი და სიმგრგულე ცისა, ველნი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა-

1300. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ჴაფისა, აბჯარსა ჰფრეწდის გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა, სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს სწრაფისა-

1301. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიტნეს, სისხლი მათნი მოეღუარნეს, უყივლეს და ერთმანერთი, ნახეს დიდად გაეხარნეს, ჰსთქუეს ტარიელ რა იქნაო, მისთვის ჭურეტად თუალნი არნეს-

1302. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ჰსცნეს ტარიერისა, ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა, მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო მსგავსი მტვერისა-

1303. ციხისა მცველნი ყველაი, იდუა მართ ვითა სნეული, თავით ფერჴამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ჰსთქუეს ნაქმრად ტარიელისად, საქმე არს ეს მისეული-

1304. გზანი დახუდეს შეკაზმულნი, ავიდეს და აძურეს ხვრელსა, ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შუჱნის აკვრა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა-

1305. ეხვეოდეს ერთმანერთსა, ჰკოცნიდეს და ცრემლნი ღუარნეს, ამას ჰგუანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს, მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშუჱნდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ ნახულთა, ამას იქით გაიხარნეს-

1306. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ გარდაჭდობილნი, კულავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად, ვარდნი ბაგეთათ პობილნი, აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი-