... (S-2781), XIX ს.

1271. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტანნაბდიანი იგი მზე დაკრთა ეგონა სათვისო რამე ზიანი შესცუალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1272. ქაჯმან კადრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაჰბნდები მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუილად გეუბნები მზისა შუქნი მოიცადენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1273. პირმზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1274. მონასა კითხა მიანბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედა მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1275. ფატმანის გული მას აქათ ლახუართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კულავ მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დაჰლევია

1276. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რითაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1277. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მივუწერ შენცა კადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტანდარეჯანისა ფატმანსა თანა მიწერილი

1278. პირმზე ვსწერს აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა სხუაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1279. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1280. სხუა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავი ჩემად მცველად მარად მზვერე რასა ქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1281. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი სწუავს ცეცხლებრ ალია მაგრამ მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია

1282. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1283. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკუდები მე სიკვდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა

1284. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1285. აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოსჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1286. ჱე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1287. ჴედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ძნელია

1288. ჴედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყუარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქმნას უშენომან გულმან შენგან დალახვრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან