... (A-656), XIX ს.

1191. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არც არა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით ხამს ერთმანერთსა ანბავი ჩვენიცა უთხართ ბარ ენით

1192. მათ სხვათა მათი ანბავი თქვეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემი ანბავი ანბავთა მაგათგან უკეთესია

1193. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უკეთესი მშობლისა

1194. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფე ქვე ზის მორჭმული სწოდია

1195. გვესმა ანბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვაზირნი დაშალეს ქმნა ხალვათისა ვითა ვკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრის ათისა

1196. როშაქ ბრძანა მოცავინმკლას მე ტირილსა არ დავხვდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოვებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავყვები

1197. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თან წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1198. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1199. ზოგთა ვთქვით არის ცისკარი ზოგთა ვთქვით არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოს მცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო

1200. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით

1201. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა

1202. კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილმოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა

1203. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა

1204. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1205. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არსათქმელია ამისი საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1206. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცთია მივუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია ნუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1207. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვკადრეთ ხელდახელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1208. მე როშაქს ვკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედამსწრებელი

1209. მათ კაცთა დია ეამა ესე ანბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხინი მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1210. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეც მინა მან იგივე კვლავ მიამბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა