... (A-656), XIX ს.

1172. მონანიცა გარდიხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გავე ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა

1173. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სადამდის სცნობდეს ხელმწიფე კაცთა მომწევდეს რბენითა

1174. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არმოკვნესი გვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უმეტესი წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკე რაცა ვსთესი

1175. დღე მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ პოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1176. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მათნი ხლებულნი დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორვა მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი

1177. მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო საქმე კვლავცი აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1178. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაშნიგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1179. ესე ანბავი მას თანა ვთქვი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1180. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხვე შემეშინა ამად გკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა

1181. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით

1182. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა შვილთა ჩემთა დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1183. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილსა ჰაი ჰაი ჩავიჭერ ქვე რასა

1184. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია

1185. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ანბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს წახდესო შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ფენოდეს

ამბავი ნესტანდარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილ თანა

1186. ვაი საწუთროო სიცრუით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე

1187. ფატმან იტყვის მომეშორვა მზე მნათობი სრულად ხმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ გავახმი წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

1188. სახლნი და შვილნი მომძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მიჩს უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა

1189. დღესა ერთსა საღამოჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჩათა კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვთქვი კრულია ზენაარი ყოვლისა მცა მამაცისა

1190. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა