ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1300. მე მოვკალ ჩემი მოყუარე, რა მმართებს გაწბილებულსა? თავსა ვაბრალობ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! ცრუ კაცი კარგად ვერა იქს საქმესა გაძნელებულსა, თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”

1301. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მგზავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქუს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეჴდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1302. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა; თუალნი აახუნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთუარისა, მზისგან შუქ ნაკრთომისა.

1303. ზამთარი ვარდთა დააზრობს, ფურცელნი ჩამოსცუივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწუავს, გუალვასა სჩივიან, მაგრა მაზედან ბულბულნი ტურფასა ჴმასა ყივიან, სიცხე სწუავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1304. აგრევე გული კაცისა მოსაგუარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედან, მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1305. ტარიელ ნახა ნაწერი კულაცა მკულელისა მისისა; იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყუისა მქისისა

1306. იტყუის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გუმართებს ტირილი, ჴამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა; ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წაჴდომილისა! ადრე მიგიყუან, მიყუანა არს შენგან მონდომილისა.

1307. ვითა გუმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, ჴრმალნი ჩუენი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ, უჭირველნი შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1308. მერმე ტარიელ ამბავსა კითხავს, აღარა ბნდებოდა. შეხედნის, თუალნი ამართნის, შავ თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა; ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1309. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქუა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზე მთისა წყარომან, მომრწყე ყუავილი ბარისა, დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1310. მე ვერა გიყო ნაცუალი, ღმერთი გარდგიჴდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ქონდა ძლიერი; აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი.

1311. ქუაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ ბარგოსანი. შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი, მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1312. აქამდის მიწყივ ენახა ქუაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკუირდა დანახუა სიცილით მომღერალისა. ზარ აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთურალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1313. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგუივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით; ვპოვეთ მთუარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქენით; აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1314. ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა ასმათის მოსახუეველად. მან მიყო ჴელი ალვასა, შტო მოყუა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქუეველად; რა სცანო, რა ქენ მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1315. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭკნარისა, მთუარისა ფერ მიჴდილისა; უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდაჴდილისა; მზე მოგუეახლა, მოგუეცა ჩუენ მოშორვება ჩრდილისა”.

1316. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკუირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკუირველობა; იტყუის: “რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა!”

1317. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია; ლხინი მოგუეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგუეახლა, უკუნი ჩუენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

1318. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა; ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

1319. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქუეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა; აწყა ვცანით, უარესსა პირი თქუენი არ გაბრჭობდა”. ინდოთ მეფე ჴელ განპყრობით მხიარული ამას ჴმობდა. ქუაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.