ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1320. ტარიელ ეტყუის ავთანდილს: “ისმინე სიტყუა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქუაბნი წაუხუენ, დავჴოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძუირ ნაფასები”.

1321. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია; მოდი და გავჴსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”. იამა, ადგეს ორნივე, არცა ქიე ასმათ მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1322. პოვეს საჭურჭლე უსახო, კულავ უნახავი თუალისა, მუნ იდუა რიყე თუალისა, ჴელ წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა; ვინცა ქნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!?

1323. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათუის სახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ გაჴსნილი.

1324. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკუირველიო, ჯაჭუ -მუზარადი, ალმასი, ჴმალი ბასრისა, მჭრელიო; თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო; უმისჟამისოდ ვინც გაჴსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1325. კიდობანი გაჴსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭუი, ჴრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგუანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყუნეს ვითა ლუსკუმანი.

1326. თუითომან თუითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭუ მუზარადსა, აბჯარი მართ ვერა ვერ დაკიდიან; ჴმალი რკინისა მოკრიან, ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან, მათ უღირს ყოვლად ქუეყანად, შევატყევ, არ გაყიდიან.

1327. თქუეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; ღმერთმან მოგუხედნა თუალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თუითო მათ, ერთი ფრიდონის საძღუნობლად შეკრეს ღუედითა.

1328. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები; გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ თქუა: “ამას იქით დავამაგრო ჴრმალსა ნები, ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს, არ დავდგები”.

ტარიელისა და ავთანდილისა წასვლა ფრიდონისას

1329. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქუეყანამდის შეისუიან მათ უკანა; მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღუანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხუამცა ვინღა წაიტანა.

1330. იარეს და ზედან შეჴდეს ნურადინის მეჯოგეთა; ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთუის იაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყუის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1331. ჯოგი წაუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართუის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გუიცნობს, გაკრთების, გულსა შეელმის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქს ლაღებად”.

1332. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექნა, ეკრა კუესებსა; უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა კრავს ჴრმალსა, არ აკუნესებსა”.

1333. მათ მშუილდები დაიწუადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს: “გუიშველეთო, გუიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყუიდნეს!” ჴმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს კადრეს, არ დარიდნეს.

1334. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ჴმა შეიქნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა; დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1335. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქუა: “ვნახეო, ვინცა მინა”. მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ლამი, ჩუენი მოსლვა რას გეწყინა? პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

1336. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყუანი სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხუივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ჴელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1337. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, სამსახური თქუენი რამცა დავიზარე!” გვანდა, თუცა შეყრილ იყუნეს ორნი მზენი, ერთი მთუარე, ერთმანერთი დააშუენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1338. ფრიდონის სახლსა გარდაჴდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისუამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა, მათ უძღუნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.