ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1396. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყუითა, ენითა: “დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახუითა თქუენითა, მერმე აგუავსენ მრავლითა უცხოთა ტურფა ძღუენითა, ვიცი, შორი შორ არ ჩავლა ჩუენ თქუენი კარგად ვქენითა”.

1397. ზღუათა მეფე მოაჴსენებს: “ჴელმწიფეო, ლომო, ქუელო, მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭურეტელთა შორით მკულელო, მგზავსი თქუენი რამცა მეძღუნა, შუენიერო სანახველო! რა მოგშორდე, რა მერგების, საჭურეტელად სასურველო?!”

1398. ტარელ ფატმანს უბრძანა: “მე თავი შენი მიდია; დავ, გული შენი ჩემზედა გარდაუჴდელი, დიდია; აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია, მამიცემია, წაიღე, არ კიდე მამიყიდია”.

1399. ფატმან ხათუნ თაყუანი სცა, კადრებს მადლსა მეტის მეტსა: “მე,მეფეო, შენი ნახუა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა; რა მოგშორდე, რა ვიქნები, მე დამაგდებ, ვითა რეტსა. ახ, ნეტარძი მოახლეთა! ვაგლახ თქუენსა ვერა მჭურეტსა!”

1400. ზღუათა მეფესა ეტყოდეს ორნივე შუქთა მაფენი, კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა მოსადაფენი: “უთქუენოდ მყოფსა არ გუინდან ნიშატნი, საჩანგდაფენი, მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ მოსწრაფენი.

1401. შენ იყავ ჩუენი მშობელი და ჩუენი საესავიო, მაგრა ამასცა ვიაჯით გუიბოძო ერთი ნავიო”. მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქუენად თავიო, რადგან ისწრაფი, რა გკადრო? წა, გიწინამძღვრდეს მკლავიო”.

1402. მეფემან ნავი ხომალდი მოკაზმა ზღუისა კიდესა. გამოემართა ტარიელ, გამყრელნი ცრემლსა ღურიდესა, თავსა იცემდეს, იგლეჯდეს, თმა წუერსა გაიყრიდესა, ფატმანის ცრემლთა შედენით თუით ზღუაცა გაადიდესა.

1403. გამოვლნეს ზღუანი სამთავე, ერთგან ძმად შენაფიცართა, კულავ ამტკიცებდეს სიტყუათა, მათ პირველ დანამტკიცართა; შუენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უიცართა, ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1404. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად, კულავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად; “მანდა მოვა, მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად, ჩუენ, დამზრალნი აქანამდის, აწ გავხედით დაუზრობლად”.

1405. იგი მზე შესუეს კუბოსა, იარეს გზა ზღუის პირისა, მიყმაწვილობდეს, უხარის მათ გარდაჴდომა ჭირისა; მივიდეს, სადა ქუეყანა იყო ნურადინ გმირისა, მოეგებნიან, ისმოდის ჴმა სიმღერისა ჴშირისა.

1406. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა წყლულები, ნესტან დარეჯას ზედ მოეჭდო, რომე ვერ გაყრის ცულები, აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.

1407. ნესტან დარეჯან ეხუევის, პირსა აკოცებს პირითა; უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა, აწ ღმერთმან მოგუცა წყალობა, ვცან მისი არ სიძუირითა; მე გულსა შენსა ეზომსა, არ ვიცი, გარდვიჴდი რითა!”

1408. ასმათ კადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყუარულთა პატრონ ყმანი მოყუარულნი”.

1409. დიდებულთა თაყუანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება; “რომე ღმერთმან გაგუახარნა, კურთხეულა მისი ღმრთება! ჩუენ გუიჩვენნა პირი თქუენი, აღარა გუწუავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალუც განკურნება”.

1410. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდუეს, აგრე გარდაკოცნეს. მეფე ეტყუის:”ძმათა თქუენთა თავნი ჩუენთუის დაიჴოცნეს, იგი შუება საუკუნოს ცხადად პოეს, არ იოცნეს, ერთსა მიხუდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1411. “თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიხუდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქუა, ნელად ატირდა და წუიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იძრუის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1412. მუნ ატირდეს ყუელაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაკლებოდა, მათ ტირილით, სულთქმით ახეს; დადუმდეს და მოახსენეს: “რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქუენთა მჭურეტთა მღერა მართებს, რასათუისმცა ივაგლახეს!

1413. ვინ ღირს ა თქვენგან ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა; თქუენთვის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კულავ ფრიდონ კადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1414. მივიდეს, სადა ქალაქი, დიდი მულღაზანზარია; სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, გაჴდა ზათქი და ზარია, დაბდაბისა და ქოსისა ჴმა ტურფად შენათხზარია, მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

1415. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი, ყოვლგნით მჭურეტელთა ჯარია, შორს უარებდეს სარანგნი, ჴელთა აქუს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა დამსაჯარია, მათად საჭურეტლად მიშუება მუნ მათგან ნააჯარია.