ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1242. პირმზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყუე ქნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხუაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1243. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მამიჴდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1244. სხუად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთუალავნი მცუენ და მათი სიალფერე, რასა ქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების, დაიჯერე!

1245. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ მაშურალია, იჭირვის, იწუის, ენთების, ჩემი სწუავს ცეცხლებრ ალია; მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაიმე, რა დიდი ბრალია!

1246. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეაჯები, საყუარელსა შემახუეწე, შემაბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთუალე.

1247. მე რომ მჭირს, კმარის, ნუ დამწუავს ამისითავე სწორითა: მას მკუდარსა ვნახავ, მოვკუდები მე სიკუდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქუისა ყორითა.

1248. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკუეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელთანა

1249. აწ საყუარელსა მიუწერს გულ ამოსკუნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭუირვალი

1250. ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქუს, კალამი ნაღუელსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავ გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1251. ხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია! რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთუის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაიმე, რა დიდი ძნელია.

1252. ხედავ, ჩემო, ვით გაგუყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან, ვეღარ გნახე საყუარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან, შენგან დალაჴურულმან, გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1253. შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქუა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყუელა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

1254. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად. მამიგონებდე, გახსოვდე მე, შენთუის დაკარგული სად; ვზი მზრდელი სიყუარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

1255. სხუად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშურების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგუარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების, აწ კულა ქნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1256. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მამისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გუართა; კულაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა, ბედმან გუიყო ყუელაკაი, ჩემო, რაცა დაგუემართა.

1257. ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწუდებიან, გზა გუირაბითა შემოვა, მცუელნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1258. ნუთუ ესენი გეგონნეს სხუათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკუდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კუესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

1259. შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხუდეს მთუარე შენი, შენმან მზემან ვერვის მიჴუდეს, მოცავიდენ სამნი მზენი; აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამჴუდენ ნუთუ ფრთენი.

1260. ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნა სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, აერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხუდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.