ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1377. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ გარდაჭდობილნი. კულავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ჴმობილნი.

1378. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყუითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

1379. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯუება, ერთმანერთი მოკითხეს; არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშულეს, ითხეს.

1380. სამასისა კაცისაგან ას სამოცი შეყოლოდა; ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ კერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა, რომე პოეს საჭურჭლენი, აწმცა თუალვა ვით ითქმოდა!

1381. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოეს მალები; სამიათასსა აკიდეს მარგალიტი და თუალები, თუალი ყუელაი დათლილი, იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესუეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1382. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცუელია, წამოიყუანეს იგი მზე, მათიღა წაგურა ძნელია; ზღუათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქუეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გუაც მისი გარდუჴდელია”.

ტარიელისაგან ზღუათა მეფისას მისულა

1383. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი; შესთუალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მპობელი; ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე, ჩემი ლაჴუართა მსობელი; მწადიან, გნახნე პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1384. აწ მე მაქუს ქაჯთა ქუეყანა და მათი დანადებია; მეფეო, კარგი ყუელაი მე თქუენგან წამკიდებია; ფატმანს უჴსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღუნა, მძულს ცუდი ნაქადებია!

1385. “მოდი, გუნახენ, გავიარდეთ ქუეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღუნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.

1386. თქუენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, იამების ნახვა მისი ჴსნილსა მისსა; მისგან კიდე ინატრიდა ჭურეტასამცა სხუადღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, ასრე ვითა ბროლი ფისსა!”

1387. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღუათა მფლობელსა, წესია, გული გაკრთების ამბავსა გასაკრთომელსა მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხუისაღა მჴმობელსა.

1388. ბარგი აკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქუს, რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა; ფატმან ჰყავს თანა, იარა სავალი დღისა ათისა; უხარის ნახუა ლომისა და მზისა, ჴმელთა მნათისა.

1389. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღუათასა, გარდაჴდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა; შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა.

1390. ფატმან ხათუნს, მისსა მჭურეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხუია, გარდუკოცნა ჴელი, ფერჴი, პირი, ყელი; იტყუის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რადგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1391. ქალი ფატმანს ეხუეოდა, ტკბილად იტყუის, არ გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამწკრალი, აწ აგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდივით ვჩან არ დამზრალი”.

1392. ზღუათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შუიდსა; უხუად გასცემს საბოძუარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაპანტულსა ზედა სცუეთდეს, ვითა ჴიდსა.

1393. მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა; ტარიელს უძღუნა გუირგუინი, ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყუითლისა, მეტად ხასისა, კულავ ერთი ტახტი ოქროსი, წითლისა მართ ხალასისა.

1394. ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა, უძღუნა შემკული თუალითა, იაგუნდითა წითლითა, ბალახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა, მათნი მჭურეტელნი დაიწუნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1395. ავთანდილს და ფრიდონს უძღუნა უსაზომო, დიდი ძღუენი: ძუირფასისა უნაგირი, უკეთესი თუითო ცხენი, თითო კაბა თუალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი, მოაჴსენეს: “მადლი რა ვთქუათ, სუიანმცაა დავლა თქუენი!”