ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1416. გადაჴდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხუეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან

1417. მათ ქალ ყმათათუის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული, წითელ-ყუითლითა თუალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული; ავთანდილისთუის ყუითელი და შავი ერთგან რეული; მოვიდეს, დასხდეს, მჭურეტელი ვცან მათი სულდალეული.

1418. მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ჴმა სიმღერისა ტკბილისა; ქორწილი ქნეს და გამრავლდა ძღუნობა ლარისა ლბილისა, ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა; ნესტან დარეჯანს უშუენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

1419. მოიღეს ძღუენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კუერცხი ბატისა, კულა ერთი თუალი სამგზავსო მზისა შუქ მონამატისა, მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1420. კულავ უძღუნა თუითო ფარღული,გარდასაყრელი ყელისა, მრგულად დათლილისა თუალისა, იაგუნდისა მრთელისა; კულა მოაქუს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა, ავთანდილისთუის ლომისა ძღუენი ფრიდონის ქუელისა.

1421. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხუილითა. ავთანდილს უძღუნა .ყველაი არა სიტყუითა წბილითა: აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა, ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყუითა ტკბილითა.

1422. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რუასა; ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღუენსა მზასა; დღე და ღამე არ გასწყუედდის ჩაღანა და ჩანგი ჴმასა, აჰა, მიხუდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1423. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყუები გულისა: “არს გული თქუენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქუენგან ვპოვე მოკუდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1424. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქუს ნაცულად მისისა მოჴმარებისა წადება: შენ მიდი, კითხე, რა უნდა, მან ქნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო საჴუმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1425. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიჴდის შენგან ჩემსა ჭირ ნახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა! თუ ვერა ვიქ საწადელსა შენსა, შენთუის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1426. “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეჴმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები; ტკბილის სიტყუითა გავმართოთ და ჴრმლითა საომარები, თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

1427. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, შუენოდა მხიარულობა; თქუა, თუ: “მეშუელი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა! ჩემი მზე არცა ქაჯთა ყავს, არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა.

1428. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებითა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მას ზედა შუელა რად მინდა, რად მეჭუ რასაცა თნებითა!

1429. რა მოვა ჩემთუის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის საჴმილთა ლხენანი; მაშინღა მამხუდეს მოკუდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი.

1430. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა თქუენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1431. გებრძანა: “შეყრა მწადიან საყუარელისა შენისა”. ეგე არს მგზავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა; მუნა მე ჴრმალი არ მიკუეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1432. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გუერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1433. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინ ღა მივალ არაბეთს, მომხუდენ მის მზისა ხლებანი; ოდესცა სწადდეს, დამივსოს ამა ცეცხლისა დებანი. სხუად თქუენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი.

1434. რა ფრიდონ კადრა ტარიელს ესე სიტყუანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი.