ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1224. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, უშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შუებასა; ვინცა სცნობს კაცი, ყუელაი ჩუენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კულა მიხუდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1225. მამგუარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყუელაი, ამბავი ჩუენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩუენგან ძლეული!”

1226. ფატმან თქუა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხუდეს, მო, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკუდავებისა სწორანი!” მოგუარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1227. “აწ გამოჩნდების საჴმრობა ჩემი შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე საჴმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა კადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხუალე მოგართუა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეკანთანა

1228. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწუელო, ამაზრზენაო, სიტყუა მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კულა ერთგან შენათხზენაო!

1229. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვსცან მართალი, მით გულსა შენთუის ველიე; შენთუის ხელქნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიხუდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1230. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, შენ სწერდი შენსა ამბავთა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1231. ჩუენ ამისთუის ესე მონა გამოვგზავნეთ თქუენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წურილად გუინა: ვინ არიან მცუელნი შენნი, ან თავადი მათი ვინა?

1232. რაცა იცი მანდაური, მოგუიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყუარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე! შენი ყუელა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს,მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1233. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა; ესე წიგნი მიართუიო ქალსა, მზისა დასაგუანსა!” მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის ბანსა.

1234. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშუილდ ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჴდა, ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცუელისა, მას მზესა კადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1235. ციხისა კარნი დაჴშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი, ტან ნაბდიანი; იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცუალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი.

1236. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქუენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადე, ვარდო, ადრე ნუ დასჭკნები!”

1237. პირ მზე გაკუირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა; იკითხავს, სულთქუამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1238. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი, ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოაჴსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულხარ, მას აქეთ შენგან ჩუენია მზე ბნელი.

1239. ფატმანის გული მას აქათ ლაჴუართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღუათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთუის კულა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაგვლევია.

1240. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შუენიერითა პირითა, მან უთხრა წურილად ყუელაი, თქუენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა, მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ჴშირითა”.

1241. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი არ იცოდა, ვიყავ ვისი წანაგუარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი, მე მიუწერ, შენცა კადრე, ვარ ვითამცა გულმდუღარი”.

წიგნი ნესტან - დარეჯანისა ფატმანთანა, თავის ხელითა სწერს