ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1184. ზოგთა თქუეს: არის ცისკარი და ზოგთა არის მთვარეო; მას დარაზმულთა მივმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო; შორს მოუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოჴდა ჴმა, ჩუენი მოუბარეო.

1185. გუთხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქუენ სახელნი თქუენი თქუენით; გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გუესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თუალით ჩუენით.

1186. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა; მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა; ძუირ ძუირად გვეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

1187. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩუენ ესე შევიგენითა; როშაქ შეატყო ქალობა, გუერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გაუშვით, დაჭირვა ვკადრეთ ჴელითა ჩუენითა.

1188. კულავ ვკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა, ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხუალ მანათობელი ბნელისა?” მან არა გუითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთუარე, ჩანთქმული გუელისა.

1189. “არცა რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი, არა არ გუითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი; ქუშ-ქუშად გუეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭურეტელთა მისთა თუალითა მლალავი.

1190. როშაქ გუიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია; ბედი მეფისა ჩუენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკუირველია.

1191. ესე ღმერთსა მისაგურელად მისად ჩუენთუის მოუცდია, მიუტანოთ არმაღანად, დაგუიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, გავმჟღავნდებით, მეფე ჩუენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

1192. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით; დავბრუნდით, ქაჯეთს მივმართეთ, მას წინა მოვეკიდენით; არცა რა ვკადრეთ ჴელის ჴელ, არცა თუ წავეკიდენით; იგი ტირს, ღაწუსა გულ მდუღრად ჩარცხის ცრემლისა მიდენით.

1193. მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქუენი მხლებელი; აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”. მან გამომიშუა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი”.

1194. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მამეცა, მგზავსი დრამისა წონისა.

1195. მოვიყუანე იგი მონა, ახლოს დავსუი ჩემსა წინა: ვკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა?” მან იგივე კულა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, მან ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.

1196. მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა; მოვასჴნენ, ქაჯეთს გავგზავნენ, უთხარ, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქუენითა მოქმედებითა”.

1197. სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგურიაო მეფისა, ზღუას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭურეტად თუალნი, მართ ვითა მზისადა, ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

1198. ,,როსანს შევრთოთო”, დულარდუხტს მეფესა უბრძანებია: ,,ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ ნადებია; შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. ციხეს დაუსუამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

1199. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია; ქუე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების; წასრულა, ჯერედ ცოტაი ხანია.

1200. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია: ქალაქსა შუა მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შუა გუირაბი, ასაძრომელი ჴურელია, მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწუელია.

1201. გუირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები, ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყუელაკაი ხასები; ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები. გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!”

1202. ესე ამბავი ავთანდილ პირ მზემან, მაგრამ ვადამან, რა მოისმინა, იამა, სხუად არა გაუცხადა მან, შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან!”

1203. ფატმანს უთხრა: “საყუარელო, კმა ხარ ჩემთუის სასურველად, მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყუელა უჴორცოა, რამან შექმნა ჴორციელად?