ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1261. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, გაღანამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი.

1262. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს, შემოგუედრებ რადგან სულსა, მაგრა შენი სიყუარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მამეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყუარულსა.

1263. წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მამიგონებდი მტირალსა, შენთუის ცრემლ შეუშრობელსა.

1264. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; სცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად. შენთუის მოვკუდები, გავჴდები ყორანთა დასაყივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1265. აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, გარდმიკუეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცულოდ მის იმედისა დიდისა, რისხუით მობრუნდა ბორბალი ჩუენზედა ცისა შუიდისა.

1266. ესე წიგნი, საყუარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაკუეთა მათ რიდეთა ერთი წუერი. თავ მოჴდილსა დაუშვენდა სისხო თმათა, სიგრძე, წუერი, ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1267. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მამავალი, წამერთ მიჴდა ფატმანისას, დღე იარა არ მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ჴელ აპყრობით ღმერთსა მადლობს, ცნობა სრული, არა მთურალი.

1268. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად ცემი საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყუანო მათი მომსპობ ამწყვედელი”.

1269. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების; მოეშორვების ნათელსა, გული ამისთუის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგუა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისულა გაგიძნელდების”.

1270. ყმამან ფრიდონის მონანი იჴმნა, მასთანა ხლებულნი; უბრძანა: “მკუდარნი აქამდის, აწყა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გუინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩუენთა მტერთანი გიჩუენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1271. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი, კულა უფრო გასახაფავი, თქუენ მოგცე ლარი ყუელაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1272. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქუენგან დანადები; მადლსა სხუაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყუელაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1273. “სახლი არ მახლავს, არ ძალ მაქუს გაცემა საბოძუარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხუი ტურფათა ჯარისა; უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართუით უსტარი ჩემგან, ძმად ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა

1274. დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სუე სრულო მეფეთ მეფეო, ლომისა მგზავსო ძალ გულად, მზეო შუქ მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო!

1275. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა ნაცუალი ჭირნახულისა, კარგა მოჴდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქუესკნელს დამარხულისა.

1276. იგი მზე ქაჯთა მეფესა ყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისულა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წუიმა ბროლისა წუიმს, ვარდი ნაწუიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლავს, მაგრა სპა უამარია.

1277. გულ მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების, არ თურემ კაცმან დაგიდგნას, ვეჭუ, კლდეცა გაგილბილდების.

1278. აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთუის წაგიარე, გზა გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრადა იგი მთუარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩუენი ნახუა გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეჴმარე.

1279. ამა მონათა ჩემზედა გარდაუჴდელი გულია. ამოდ მსახურეს, თქუენიმცა გული ამათთუის სრულია, ქება რად უნდა მას, ვინცა თქუენთანა ხან დაზმულია? მგზავსი ყუელაი მგზავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”