ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1357. ტარიელ უთხრა: “მე თქუენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქუენსა ძალ გულსა თქუენივე გავს თათბირობა, პირობა; ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს, რა ომმან ქნას გაჭირობა.

1358. მაგრა იყუენით ჩემთუისცა საქმისა რასმე რჩევითა: ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა! ესე მე დამსურის, ნუ უბნობთ სიტყუითა თქუენ სათნევითა.

1359. მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები; მოგუეგებვიან, ვემცრობით, ჩუენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები.

1360. ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგუასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხუა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღუარებსა, ჴელი კულავ ვხადოთ აბჯარსა, მას ჩუენგან მძლედ ნახმარებსა.

1361. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა; ოდეს გიძღუენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გუინდა ქაჯთა მზერა, თუარა ყოლა არ გიძღუნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1362. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყუა ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშუენთა, გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1363. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყუები არ პირმკვახები, დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები: გაიყუეს კაცი ას ასი, ყუელაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1364. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; მათ სამთა შუიდნი მნათობნი ფარვენ ნათლისა სუეტითა; ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა, დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა.

1365. ჩემი აწ ესე ნათქუამი მათი სახე და დარია: რა ზედა წუიმდეს ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღუარია, მოვა და ჴევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღუათა შეერთუის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1366. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია, მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია; მზე მნათობთაცა დაფარავს, არცაღა ნათლად ჴომნია, აწ იყურებდით, მსმენელნო, გესმნენ ფიცხელი ომნია.

1367. სამთავე სამად გაიყუეს, თუითომან თუითო კარები; თანა ყუა კაცი სამასი, ყუელაი გმირთა დარები. მას ღამით უყუეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1368. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახუდეს გულ ჴმიერად; გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1369. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრაჴმან შექნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახუნეს, ქალაქით გაჴდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყუეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი.

1370. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხუა ღმრთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა; მათვე რისხუით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგულე ცისა, ველნი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკუდრისა.

1371. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჴდეს, შეიქმნა სიხარკე ციხის წრაფისა.

1372. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყუიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქყეს: “ტარიელ რა იქნაო?” მისად ჭყრეტად თყალნი არნეს.

1373. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა; მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴრმალთა წუერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მგზავსი მტუერისა.

1374. ციხისა მცუელნი ყუელაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერჴამდი დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქუეს: “საქმე არს მისეული”.

1375. გზანი დახუდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ჴურელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთუარე გუელსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1376. ეხუეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღუარნეს; ამას გვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს; მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაუშენდენ და შუქნი არნენ, აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.