ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1280. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახუია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან; შესთუალა ზეპირ, რაცა ჴმდა სრულად, მართ ვითა გია, მან, მათ მარგალიტი უჩუენის ძოწისა კარმან ღიამან.

1281. მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მჴარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთუარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღუარისა.

1282. ფატმან, უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა; იტყუიან: “მზეო, რა გუიყავ, დაგუწვენ ცეცხლითა მწუელითა, რად დაგუაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა; დაცაგუმარხეო ჴელითა ჩუენისა დამმარხუელითა!”

1283. გამოვლნა ზღუანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ჴელ აპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1284. მოწურვილ იყო ზაფხული, ქუეყნად ამოსულა მწუანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცუალება მზისაგან, შეჯდომა საროსტანისა, სულთქნა, რა ნახა ყუავილი მან, უნახავმან ხანისა.

1285. აგრგუინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცუარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა:“გიჭურეტ თუალითა, გულ ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცულოდ მოვილხენ თქუენთანა საუბარითა”.

1286. რა მოეგონის მოყუარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახის, დაჴოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი.

1287. ქუაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, თქუა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყუარე და ვისთუის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1288. თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ შამბ წავიარო”, იგონებდა, იხედუიდა, ესე თქუა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა

1289. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ჴრმლითა მომახულითა.

1290. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქუეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკენ მირბოდა, ხლტებოდა.

1291. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, გვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, გვანან ყელ გარდაჭდობილსა, ჴმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ჴშირ ჴშირად პობილსა.

1292. ტარიელ მოთქუა ტირილით სიტყუა ნატიფი, მჭევრები: სისხლისა ღუარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, რადგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს ბევრები.

1293. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა კრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა, აწ გაახლდების ყუავილი, ვარდი აქამდის ჭკნებოდა”.

1294. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახუა შენია; სხუად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმამცა სოფელს ვით პოოს, რაც არა საქმე ზენია!”

1295. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1296. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკნეს თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლო ჴსენება, ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1297. ავთანდილ, უჭურეტს ტარიელს, უსულოდ ქუე მდებარესა; შეფრინდა, შუელად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა; ვერა, ვერ არგო დამწუარსა, სრულად ცეცხლ ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მათი მიაბარესა.

1298. ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ჴმითა შუენიერითა, ყორანსა გაგლეჯს ჴშირ ჴშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერია; გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კუერითა, მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამგზავსე ფერია.

1299. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭურეტსა; “რაცა ვქენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა! ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა.