ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1339. უთხრეს: “ჯერთ ჟამად არა გუაქვს სხვა შენთუის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქუე სადმე გუისხენ სხუანია”. მან დასდუა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთუის ამისი ბოძება არს თქუენი შესაგუანია”.

1340. გამოისუენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა; აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღუნობითა, დამოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თუალ მარგალიტი ღარიბი უძღუნა ოქროსა გობითა.

1341. უთხრა თქუა: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, გავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქუენ ბრძნისა, ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგუესწრებიან, საეჭუი არს სიძნელისა.

1342. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი; სამასი კაცი გუეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; ჩუენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ჴრმალთა კოტანი, მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგუკლავს ალვისა, მო-, ტანი.

1343. ქაჯეთს ერთხელ მეც ყოფილვარ, ნახავთ, თქუენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გუინდა, რაზმი მალვით ვერ მოგუყუების”.

1344. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თუით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა; ბოლოდ ღმერთი გაუმარჯუებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1345. ზღუა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქუა: “ვახლავთ არეთა ჩუენ, ქაჯეთს მიახლებულთა; აქათგან ღამით ვლა გუინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1346. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცუელთა ვერ დასთუალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან.

1347. გუირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთუარე დგას მუნ ნათელია; თქუეს:”ვითათბიროთ, ვითა ვთქუათ, აწ გამორჩევა ძნელია; ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელია”.

თათბირი ნურადინ ფრიდონისა

1348. ფრიდონ თქუა: “ვიტყუი სიტყუასა, ვეჭუ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია; პირს პირ ომი არ ძალ გუიც, არ ჟამი საკუეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგუიჴშან კარია.

1349. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამოშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწურთიდიან; ასრე გავიდა საბელსა, რომ თუალნი ვერ მამკიდიან, ვინცა მჭურეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1350. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წუერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ადვილად, მჩანს, მართ ვითა ველისა, თქუენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1351. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა; შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მგზავსად ქარისა, ლაშქართა დავჴოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქუენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

აქა თათბირი ავთანდილისა

1352. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყუასნი ვერ გიჩივიან; ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს, არა წყლულნი გტკივიან; სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან!

1353. რა გაჴვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოკუეთენ, ამისი ჴამს დაჯერება; წაგიჴდეს ცუდად ყუელაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხუაებრ ვქნათ თავის ტერება.

1354. სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქ მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა, ჯაჭუსა, ჴრმალსა.

1355. სამთავე შესულა არ ვარგა, თუ გუიგრძნან, არს სათუები; მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, ღმერთმან ქნას, უხუად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1356. შიგნითა მცუელთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქუენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი, მგზავსად გმირისად; კლიტეთა დავლეწ, გავაჴუამ, ნახოთ გაღება კარისად, თუ რა სხუა გვიჯბს, თქუენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.