ვეფხისტყაოსანი, 1910 წ.

1204. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ, მიკუირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მამისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

1205. ქაჯნი სახელად მით ქუიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, მაზედ გაჴელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1206. იქმენ რასმე საკუირველსა, მტერსა თუალსა დაუბრმობენ, ქართა აღძურენ საშინელთა, ნავსა ზღუა-ზღუა დაამხობენ, ვითა ჴმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს , დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1207. ამისთუის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თუარა იგიცა კაცნია ჩუენებრვე ჴორციელანი”. ავთანდილ მადლი უბრძანა: “ დამივსენ ცეცხლნი ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყუანი აწინდელანი”.

1208. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი; თქუა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი; ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა თქუენი იჩქითად არს ჩუენი გარ მომფენელი!”

1209. მის ამბისა სმენისათუის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭუდა თავისათუის, ამად ცეცხლსა კულა იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყუარულსა იფერებდა, ფატმან ყელსა ეხუეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1210. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილ თანა წოლითა; ყმა უნდო-გუარად ეხუევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მჴეცქნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა.

1211. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, წუავს დენად სისხლ ნართავისად, შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად; იტყუის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად, უმისოდ ნეხუთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყუავისად!”

1212. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქუათაცა დასალბონია; გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია. თუ ყუავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1213. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღუნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები; ”რაცა გწადდესო ჩაიცუი, მე ნურას ნუ მერიდები”.

1214. ავთანდილ თქუა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მჴნესა, მოიმატა დაშუენება, დაემგზავსა ლომი მზესა.

1215. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწუეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკუირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინნა: “აგრე სჯობსო შენთუის ხელთა სასურველად”.

1216. ფატმან მისსა შუენებასა მეტის-მეტად კუირდებოდა. მან პასუხი არა გასცა, თავის-წინა ღიმდებოდა: “შეეტყუების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყოვნდებოდა თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1217. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღუინო სმული, მხიარული დაწუა, ამოდ დაიძინა; საღამო ჟამს გაიღუიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა”

1218. ფატმან მივიდა, ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა; იტყოდა: “მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!” გუერდსა დაისუა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1219. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გუელ ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მამკულელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1220. გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგუანისა. მაქუს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარადხანისა.

1221. “შენ გიცი კარგი მოყუარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწუელი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1222. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქუეყანა, მის მზისა მონაცუალისად; მისთუის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

1223. ავთანდილ ფატმანს ყუელაი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ჴშირისა, ყორნის ფრთებ-ნაფუშავისა.