... (H-403), 1818 წ.

1289. ხედავცა ჩემო სოფელი: რათა საქმეთა მქნელია჻ რაზომცა ჰნათობს სინათლე: ჩემთვის ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ: მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე: ვამე რა დიდი ძნელია჻

1290. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა: სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყვარელი: მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ქნას უშენომან: გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული: გონებამან დაფარულმან჻

1291. შენმან მზემან აქანამდის: შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქვა გარდასრულდა: სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი: ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყველა აქანამდის: ჭირი ლხინსა შევაწონე჻

1292. შენი სიცოცხლე მეყოფის: ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა: და ასრე დადაგულისად჻ მამიგონებდი გახსოვდე: მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყუარულისა: მის შენგან დანერგულისად჻

1293. სხვად ჩემო ჩემი ამბავი: ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით: არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა: ღ~თიმცა მის ეტერების჻ აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან: რაცა მას შეეფერების჻

1294. აწ სოფელმან უარესი: ჭირი ჭირსა მიმისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი: მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კვლაცა მიმცა შესაპყრობლად: ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გვიყო ყველაკაი: ჩემო რაცა დაგვემართა჻

1295. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა: თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გვირაბითა შემოვა: მცველნი მაზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი: ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ: მართ ცეცხლად მოედებიან჻

1296. ნუთუ ესენი გეგონენ: სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა: ამისგან უარესითა჻ შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი: ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა: კლდისაგან უმაგრესითა჻

1297. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ: ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი ჰსთქვა სხვათა მიხვდების: იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენო: ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ: ანუ მოვიკლავ დანითა჻

1298. შენმან მზემან უშენოსა: არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს: მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ: ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე: ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

1299. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ: დამხსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა: ჰაერთა თანა ძრომასა჻ მამცნეს ფრთენი და აღვჰფრინდე: მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე: მზისა ელვათა კრთომასა჻

1300. მზე უშენოდ ვერ იქნების: რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას იახლე: მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო: გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს: სიკუდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

1301. მე სიკუდილი აღარ მიმძიმს: შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყუარული: ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება: მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ: ჩემო ჩემსა სიყუარულსა჻

1302. წადი ინდოეთს მიმართე: არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა: ყოვლგნით ჴელ აღუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა: მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა: შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

1303. რაცა ვიჩივლე ბედისა: ჩემისა კმა საჩივარად჻ ცან სამართალი მართალი: გულისა გულსა მივარად჻ შენთვის მოვკუდები გავჴდები: ყორანთა დასაყივარად჻ ვირემ ვჰცოცხალ ვარ გეყოფი: სატირლად და სატკივარად჻

1304. აჰა ინიშნე ნიშანი: შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი: ჩემი ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ: მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი: ჩვენზედა ცისა შვიდისა჻

1305. ესე წიგნი საყუარელსა: მისსა თანა მინაწერი჻ რა დაწერა გარდაკვეთა: მათ რიდეთა ერთი წვერი჻ თავ მოხდილსა დაუშვენდა: სისხო სიგრძე თმათა წვერი჻ ალვისაგან სული მოქრის: ყორნის ფრთათათ მონაბერი჻

1306. იგი მონა წამოვიდა: გულანშაროს მიმავალი჻ წამ ერთ მიჰჴდა ფატმანისსა: დღე იარა არ მრავალი჻ რა ავთანდილს გაუსრულდა: საქმე მისი სასურვალი჻ ჴელ აპყრობით ღ~თსა მადლობს: ცნობა სრული არა მთვრალი჻

1307. ფატმანს უთხრა გამისრულდა: ჟამად საქმე საწადელი჻ დიდი შენი მოჭირვება: ჩემგან არის გარდუჴდელი჻ წავალ დგომად აღარა მცალს: დრო მოსულა შარშანდელი჻ ფიცხლა ქაჯეთს მოვიყუანო: მათი მომსპობ ამწყუედელი჻

1308. ხათუნმან უთხრა ჱე ლომო: ცეცხლი აწ უფრო ცხელდების჻ მოეშორვების ნათელსა: გული ამისთვის ბნელდების჻ ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა: ხელი ეგრეცა ხელდების჻ თუ ქაჯნი მოგესწრებიან: მუნ მისლვა გაგიძნელდების჻