... (H-403), 1818 წ.

1212. მოვიდა სითმე ღარიბი: მონა მოყუსითა სამითა჻ მონა მონურად მოსილი: სხვანი მგზავრულად ხამითა჻ სასმელ საჭმელი მოიღეს: ქალაქს ნასყიდი დრამითა჻ სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს: სხდეს მხიარულნი ამითა჻

1213. მე უყურებდი უჭურეტდი: თქუეს ამოდ გავიხარენით჻ მაგრა ჩვენ აქა მოყუასნი: უცხონი შევიყარენით჻ არცა რა ვიცით ვინ ვინა: ანუ სით მოვიარენით჻ ჴამს ერთმანერთსა ამბავი: ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით჻

1214. მათ სხვათა მათი ამბავი: თქუეს ვითა მგზავრთა წესია჻ მონამან უთხრა ჱე ძმანო: განგება რამე ზესია჻ მე მარგალიტსა მოგიმკი: თქუენ ქურიმა დაგითესია჻ ჩემი ამბავი ამბავთა: თქუენთაგან უკეთესია჻

1215. მე ვარო მონა მეფისა: მაღლისა ქაჯთა მფლობლისა჻ მათ მიხვდა ცემა სენისა: მათისა დამამჴობლისა჻ მოგვიკუდა შემწე ქურივისა: შემწყნარებელი ობლისა჻ აწ შვილთა მისთა და მისი: ზრდის უმჯობესად მშობლისა჻

1216. დულარდუხტ არის დიაცი: მაგრა კლდე ვითა ლოდია჻ ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი: ვერავის დაუკოდია჻ მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი: როსან და ერთი როდია჻ აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ: ქვე ზის მორჭმული წოდია჻

1217. გვესმა ამბავი ზღვათ იქით: სიკუდილი დისა მათისა჻ შეიჭირვებდეს ვეზირნი: დაშალეს ქნა ხალვათისა჻ ვითა ვჰკადროთო დავსება: პირისა ჴმელთა მნათისა჻ როშაქ მონაა თავადი: მონისა ბევრ ათასისა჻

1218. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს: მე ტირილსა არ დავხვდები჻ მინდორს წავალ ვიმეკობრებ: ალაფითა ავივსები჻ შინა მოვალ შოებული: ადრე ზედა მოვესწრები჻ მეფე დისა დატირებად: წავიდოდეს წაცავჰყვები჻

1219. გვითხრა მისთა ჴელისათა: წავალ თანა წამომყევით჻ წაგვიტანა მონა ასი: ყუელაკაი მისგან რჩევით჻ დღისით მზისით ვმეკობრობდით: ღამეთაცა ვიყვით თევით჻ დია ვლეწეთ ქარავანი: ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით჻

1220. მინდორ მინდორ მოვდიოდით: ჩვენ ღამესა დია ბნელსა჻ დიდი რამე სინათლენი: გამოგვიჩნდეს შუა ველსა჻ ვთქჳთ თუ მზეა ნუთუ ზეცით: ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა჻ დაბნეული მივეცენით: გონებასა ჩვენსა მსჯელსა჻

1221. ზოგთა თქვეს არის ცისკარი: ზოგთა თქვეს არის მთვარეო჻ მას დარაზმულთა მივმართე: ახლოსცა ვნახეთ ბარეო჻ შორს მოუარეთ მივედით: შემოვადეგით გარეო჻ მით ნათლიდაღმე გამოჰჴდა: ჴმა ჩვენი მოუბარეო჻

1222. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო: თქვენ სახელნი თქვენი თქვენით჻ გულანშაროთ მოციქული: ქაჯეთს მივალ მერიდენით჻ ესე გვესმა მოვადეგით: ალყად გარე მოვერტყენით჻ პირმზე რამე ცხენოსანი: გავიცადეთ თვალით ჩვენით჻

1223. უჭურიტეთ პირსა მნათობსა: ელვათა მოელვარებსა჻ მისი ციმციმი მზისაებრ: ეფინებოდა არებსა჻ ძვირ ძვირად გვეუბნებოდა: სიტყვასა რასმე წყნარებსა჻ კბილთაგან შუქი შეადგის: ზედა გიშრისა სარებსა჻

1224. კულავ ვეუბენით მას მზესა: ტკბილ მოუბრითა ენითა჻ არ მონა იყო ტყუოდა: ჩვენ ესე შევიგენითა჻ როშაქ შეატყო ქალობა: გვერდსა წაუდგა ცხენითა჻ აღარ გაუშვით დაჭირვა: ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა჻

1225. კვლავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი: საქმე შენ მზეებრ ნათელისა჻ ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ: მანათობელი ბნელისა჻ მან არა გვითხრა გაუშვა: წყარო ცრემლისა ცხელისა჻ რა საბრალოა გავსილი: მთვარე ჩანთქმული გველისა჻

1226. არცა რა ცხადი ამბავი: არცა რა დასამალავი჻ არა არ გვითხრა ვინ იყო: ან ვისგან ნამუხთალავი჻ ქუშ ქუშად გვეუბნებოდა: კუშტი თავისა მკრძალავი჻ ვითა ასპიტი მჭვრეტელთა: მისთა თვალითა მლალავი჻

1227. როშაქ გუიბრძანა ნუ ჰკითხავთ: აწ თურე არ სათქმელია჻ იმისა საქმე უცხოა: საამბობლადცა ძნელია჻ ბედი მეფისა ჩვენისა: არსთაგან სანატრელია჻ მით რომე ღ~თი მას მისცემს: რაც უფრო საკვირველია჻

1228. ესე ღ~თსა მისაგვრელად: მისად ჩვენთვის მოუცდია჻ მიუტანოთ არმაღანად: დაგვიმადლებს მეტად დია჻ თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით: მეფე ჩვენი ამაყია჻ პირველ მათი შეცოდება: მერმე დიდი აუგია჻

1229. მივამოწმენით თათბირნი: არ კიდე გავაკიდენით჻ დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ: მზესა წინ მოვეკიდენით჻ არცარა ვჰკადრეთ ჴელდაჴელ: არცა თუ წავეკიდენით჻ იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად: ჩარცხის ცრემლისა კი დენით჻

1230. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი: კვლავ ადრე თქვენი მხლებელი჻ აწ გულანშაროს ქალაქსა: ვარ საქმის რასმე მდებელი჻ მან გამამიშვა აქ სადმე: ლარი მიც წასაღებელი჻ თანა წავიტან წაცავალ: მე მათი ზედა მსწრებელი჻

1231. მათ კაცთა დიდად იამა: ესე ამბავი მონისა჻ მე გავიგონე შერემშრა: ნაკადი ცრემლთა ფონისა჻ მენიშნა ყოვლი ნიშანი: ვიცან ჩემისა ღონისა჻ ცოტაი ლხენა მომეცა: მგზავსი დრამისა წონისა჻