... (H-403), 1818 წ.

1232. მოვიყვანე იგი მონა: ახლოს დავსვი ჩემსა წინა჻ ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი: გაგონება მეცა მინა჻ მან იგივე კვლავ მიამბო: რაცა მუნით მამესმინა჻ ამ ამბავმან გამაცოცხლა: სულ მობრძავი დამარჩინა჻

1233. მე ორნი შავნი მონანი: მყვანან სავსენი გრძნებითა჻ უჩინოდ მივლენ წამოვლენ: მათითა ჴელოვნებითა჻ მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ: ვარქვი თუ ნუ დასდგებითა჻ მაცნობეთ მისი ამბავი: თქვენითა მოქმედებითა჻

1234. სამ დღე მოვიდეს მიამბეს: ფიცხლა ებიჯა გზისადა჻ მიუგურიაო მეფისა: ზღვას იქით წამავლისადა჻ ვერვის შეუდგმან საჭვრეტად: თვალნი მართ ვითა მზისადა჻ ქუე დაუწინდავს საცოლედ: როსან ცოტასა ყმისადა჻

1235. როსანს შევრთოთო დულარდუხტს: მეფესა უბრძანებია჻ ჯერ ქორწილოთ არა მცალს: აწ გული ცეცხლ ნადებია჻ შემოვიქცევი შევისძლობ: ვინ ცისა მზედ ნაქებია჻ ციხეს დაუსვამს ხადუმი: ერთაი უახლებია჻

1236. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა: მას თანა წაუტანია჻ მით რომე გზაა საჭიროა: მტერნი საომრად მზანია჻ ქუე დაუყრია მოყმები: ვინც უფრო გულოვანია჻ დაეყოვნების წასრულა: ჯერეთ ცოტაი ხანია჻

1237. ქაჯთა ქალაქი აქამდის: მტერთაგან უბრძოლველია჻ ქალაქსა შიგან მაგარი: კლდე მაღალი და გრძელია჻ მას კლდესა შიგან გვირაბი: ასაძრომელი ხურელია჻ მუნ არის მარტო მნათობი: მისთა შემყრელთა მწველია჻

1238. გვირაბის კარსა ნიადაგ: მოყმე სცავს არ პირ ნასები჻ ათი ათასი ჭაბუკი: დგას ყუელა კაი ხასები჻ ქალაქის კართა სამთავე: სამათას სამათასები჻ გულო გაგსაჯა სოფელმან: არ ვიცი და გლახ რას ები჻

1239. ესე ამბავი ავთანდილ: პირ მზემან მაგარ ვადამან჻ რა მოისმინა იამა: სხვად არა გაუცხადა მან჻ შესწირა ღ~თსა მადლობა: ტურფამან დანაბადამან჻ ამბავი ჩემი სალხინო: მითხარო ვისმანღა დამან჻

1240. ფატმანს უთხრა საყუარელო: კმა ხარ ჩემთვის სასურველად჻ მე ამბავი სანატრელი: მამასმინე არ პირბნელად჻ მაგრა საქმე ქაჯეთისა: გამაგონე უფრო მრთელად჻ ქაჯნი ყუელა უჴორცოა: რამან შექმნა ჴორციელად჻

1241. მის ქალისა სიბრალული: ამანთებს და მიდებს ალსა჻ მაგრა ქაჯნი უხორცონი: რას აქნევენ მიკჳრს ქალსა჻ ფატმან უთხრა მამისმინე: მართლად გხედავ მანდა მკრთალსა჻ არ ქაჯნია კაცნიაო: მინდობია კლდესა სალსა჻

1242. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან: არიან ერთად კრებულნი჻ კაცნი გრძნებისა მცოდნენი: ზედან გაჴელოვნებულნი჻ ყოველთა კაცთა მავნებნი: იგი ვერვისგან ვნებულნი჻ მათნი შემბმელნი წამოვლენ: დამბრმალნი დაწბილებულნი჻

1243. იქმენ რასმე საკვირველსა: მტერსა თვალსა დაუბრმობენ჻ ქართა აღძვრენ საშინელთა: ნავსა ზღვა ზღვა დაამჴობენ჻ ვითა ჴმელსა გაირბენენ: წყალსა წმიდად დააშრობენ჻ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ: სწადდეს ბნელსა ანათობენ჻

1244. ამისთვის ქაჯად უჴმობენ: გარეშემონი ყუელანი჻ თვარა იგიცა კაცნია: ჩვენებრვე ჴორციელანი჻ ავთანდილ მადლი უბრძანა: ცეცხლნი დამივსენ ცხელანი჻ დიდად მიამნეს ამბავნი: სიტყვანი აწინდელანი჻

1245. გულითა ღ~თსა ადიდებს: ავთანდილ ცრემლთა მდენელი჻ თქუა ღ~თო გმადლობ რომელი: ხარ ჭირთა მამალხენელი჻ ყოფილი მყოფი უთქმელი: ყურთაგან მოუსმენელი჻ წყალობა თქუენი იჩქითად: არს ჩვენი გარმომფენელი჻

1246. მის ამბისა ცნობისათვის: ცრემლით ღ~თსა ადიდებდა჻ ფატმან ეჭვდა თავისათვის: ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა჻ ყმა ნამუსსა ინახევდა: სიყუარულსა იფერებდა჻ ფატმან ყელსა ეხვეოდა: პირსა მზესა აკოცებდა჻

1247. მას ღამით ფატმან იამა: ავთანდილთანა წოლითა჻ ყმა უნდო გვარად ეხვევის: ყელსა ყელითა ბროლითა჻ ჰკლავს თინათინის გონება: ძრწის იდუმლითა ძრწოლითა჻ გული ჴელ ქმნილი გასჭრია: მხეცთავე თანა რბოლითა჻

1248. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს: დენად სისხლ ნართავისად჻ შიგან მელნისა მორევსა: ცურავს გიშრისა ნავისად჻ იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო: იგი ვინ ვარდი ავისად჻ უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი: ბულბული მგზავსად ყვავისად჻

1249. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი: ქვათაცა დასალბონია჻ გიშრისა ტევრსა აგუბებს: ვარდისა ველსა ფონია჻ ფატმან მას ზედა იხარებს: მართ ვითა იადონია჻ თუ ყუავი ვარდსა იშოვნის: თავი ბულბული ჰგონია჻

1250. გათენდა ბანად წავიდა: მზე სოფელს შუქ ნაკიდები჻ დიაცმან უძღვნა მრავალი: კაბა ყაბაჩა რიდები჻ მრავალი ფერი სულნელი: ტურფა პერანგი წმიდები჻ რაცა გწადდესო ჩაიცვი: მე ნურას დამერიდები჻

1251. ავთანდილ თქვა საქმე ჩემი: გავაცხადო ამა დღესა჻ სამოსისა ვაჭრულისა: ცმა აქამდის დაეწესა჻ მას დღე ყოვლი საჭაბუკო: შეიმოსა ტანსა მჴნესა჻ მოემატა დაშვენება: დაემგზავსა ლომი მზესა჻