... (H-925), XVIII ს.

1271. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია ნარგიზთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1272. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აგცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1273. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე

1274. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მსახურეს თქუენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქუენთანა ხანდაზმულია მგზავსი ყველაი მგზავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1275. ესე უსტარი დასწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ხამდა სრულად მართ ვითა გია მან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1276. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრამ დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1277. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაგვმცაგვმარხეო ჴელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1278. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ანბავითა ჴელ განპყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1279. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1280. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქუჱნთანა საუბარითა

1281. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1282. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქუა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირსმ ვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1283. თუ მოსულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე სთქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1284. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ხმლითა მომახულითა

1285. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1286. ხმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა გვანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს გვანან ყელ გარდაჭდობილსა ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1287. ტარიელ მოსთქვავს ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს ბევრები

1288. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა ეტყოდა ვსცანო ანბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1289. ტარიელ ეტყვის ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაცა რა საქმე ზენია