... (H-925), XVIII ს.

1234. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა კადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა მიწერილი

1235. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1236. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1237. სხვა ანბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრა სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ქვიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1238. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშურალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია მაგრამ მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ბრალია

1239. შენ ანბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე

1240. მე რომ მჭირს კმარა ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა ვერ ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვითა ყორითა

1241. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესე არს ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუმცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი

1242. აწ საყვარელსა მიუწერს გულ ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1243. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველსა ამონაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები

1244. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენა იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ძნელია

1245. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1246. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1247. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მომიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1248. სხვად ჩემო ჩემი ანბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშრების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1249. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გვიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგვემართა

1250. ციხესა ვზი ვარ ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დახოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1251. ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა ნურცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა